კახა კუკავა აუდიტის სამსახურმა დაკითხა - დააჯარიმებენ თუ არა პარტიას

17:56 10-21-2019
72

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ, იაფი მედიკამენტების კამპანიასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო. დღეს აუდიტის სამსახურში პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავაგამოიკითხა და დაკითხვა სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც აუდიტის სამსახურის მიერ პარტიისათვის მიწერილ წერილშია მითითებული, იაფი მედიკამენტების პროგრამა ამომრჩევლის მოსყიდვასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას წარმოადგენს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პოზიციას „თავისუფალი საქართველო“ არ ეთანხმება  და მიიჩნევს, რომ იაფი მედიკამენტების კამპანია ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან პარტია დაინტერესებულ პირებს მედიკამენტებს  საბაზრო ღირებულებაში აწვდის და არა უსასყიდლოდ. ხოლო ფასები, რომელიც დადგენილია ქართულ ბაზარზე, წარმოადგენს არა საბაზრო, არამედ მონოპოლიურ ფასებს. იმავდროულად, აღნიშნული ოპერაციებიდან პარტია არანაირ შემოსავალს არ იღებს, რის გამოც აღნიშნული კამპანია ვერც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად ვერ ჩაითვლება.

 გადაწყვეტილებას პარტიის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უახლოეს დღეებში მიიღებს.

 პარტიაში აცხადებენ, რომ უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს, ან მის რომელიმე ორგანოს, არანაირი წარმოება არ დაუწყია „ავერსის“, „პეესპეს“, „ფარმადეპოს“ და „ჯიპისის“ მიერ კარტელური შეთანხმების არსებობასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ,  „თავისუფალი საქართველოს“ მიერ ანტიმონოპოლიუირი კამპანიის დაწყებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა.

აუდიტის სამსახურის ქმედებებთან დაკავშირებით, „თავისუფალი საქართველო“ საგანგებო განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს, ხოლო საზოგადოებას ჰპირდება, რომ მონოპოლიებისა და მათი მფარველი ხელისუფლების მხრიდან  ნებისმიერი შეფერხების მიუხედავად, იაფი მედიკამენტების კამპანია გაგრძელდება. 

 

ავტორი: თამთა დადეშელი