ახალციხეში პრორუსული ორგანიზაცია დაფუძნდა

16:26 10-21-2019
309

ახალციხეში, რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, ახალი ორგანიზაცია დაარსდა. „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“ პრეზენტაციას ახალციხეში ასამდე პირი ესწრებოდა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ვლადიმერ ხომერიკი. მისი განმარტებით, ორგანიზაციის შექმნის ინიციატივა ახალციხელებისგან წამოვიდა.

„რუსეთს სურს მეგობრული და პარტნიორი საქართველო ჰყავდეს გვერდით. ხელს უშლის ოპოზიცია, მაგრამ დღეს სხვა ძალა არ არის, თუმცა მოიძებნება ისეთი პარტიები, რომლებსაც შეუძლიათ გაერთიანდნენ და მოლაპარაკებები დაიწყონ რუსეთთან“, - განაცხადა ხომერიკმა მედიასთან.

შეხვედრას ესწრებოდა მსახიობი გივი სიხარულიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალციხეში მხოლოდ ვლადიმერ ხომერიკთან მეგობრობის გამო იმყოფებოდა. ღონისძიების ბოლოს, ვლადიმერ ხომერიკს სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის ახლად დაარსებულმა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სიგელი გადასცა. 

ორგანიზაციას სათავეში გოჩა პარუნაშვილი ჩაუდგა, რომელიც რესტორნისა და საცურაო აუზის - „მესხური კოშკის“ ხელმძღვანელია. ბიზნესში წასვლამდე მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩევლად იურიდიულ საკითხებში. მანამდე კი გამომძიებლის, თანაშემწის და პროკურორის პოზიციებზე იმუშავა.

ავტორი: რუსკა გვარამაძე