ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელიც ბერად აღიკვეცა - რა მოუყვა მან „პრაიმტაიმს“

13:46 10-21-2019
52190

ერისკაცობაში ის სანდრო კავსაძე იყო, დღეს ბერი ილიაა. ყოფილი მაღალჩინოსანი ახლა სასულიერო მოღვაწეობას ეწევა.

სპორტსმენი, ცეკას ინსტრუქტორი, გორის რაიკომის პირველი მდივანი, 7 წელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, წოდებით გენერალი, ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, მთავარი სახელმწიფო არბიტრი, დეპუტატი, ვიცე-პრემიერი და პრივატიზაციის მინისტრი, ადამიანის უფლებათა და ეროვნებათა შორის ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე – ეს ყველაფერი ერისკაცოებაში, ახლა კი ის მამათა მონასტერში მსახურობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 32 წლის ასაკში დანიშნეს, 36 წლისა კი უკვე გენერალი იყო, ყველაზე ახალგაზრდა გენერალი მთელ საბჭოთა კავშირში...

ამბობს, რომ ურწმუნო საზოგადოებაში გაიზარდა და თავადაც, როდესაც ახალგაზრდა იყო, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ბერად აღიკვეცებოდა. იარაღი არასოდეს გამოუყენებია.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას აფრასიძეების გახმაურებული ამბავი გაიხსენა. სვანეთში გაქცეული, 20 წლის ძებნილის დაკავების ოპერაცია დაუგეგმავს 1980 წელს. ოლიმპიური თამაშები იწყებოდა და დავალება მიუღიათ: „არც ერთი ძებნილი, პირდაპირ ლიკვიდაცია მოხდესო“.

პირველი ოპერაცია რომ ჩაატარეს, 60 კაცი წაუყვანიათ მთაში, ტყე-ღრე უვლიათ. ძებნილის შვილს გაუგია და მოკლე გზით გაქცევა გადაუწყვეტია. ჩასაფრება იყო გზაზე. ჯგუფს მსოფლიო ჩემპიონი გივი ყვარელაშვილი ხელმძღვანელობდა. კავსაძისთვის მოუხსენებია, შეგვიძლია, ლიკვიდაცია მოვახდინოთო, მაგრამ მცირეწლოვან შვილთან ერთად არის და როგორც გვეტყვით, ისე მოვიქცევითო. მინისტრის მოადგილემ სროლაზე უარი თქვა, ოპერაცია ჩავარდა. ამის გამო ლამის თანამდებობიდან მოხსნეს, თუმცა მეორე ჯერზე გაუმართლათ.

ძებნილთა შეპყრობა კარგად დადგმული სპექტაკლის მოქმედებას დაემსგავსა, ოპერაცია პროფესიონალმა, პოლკოვნიკმა ვახუშტი ჯაფარიძემ მოამზადა...

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კავსაძე სპეცოპერაციაზე უიარაღოდ მიდიოდა. იარაღს სპეციალურად სეიფში კეტავდა და შიშველი ხელებით გადიოდა, მსხვერპლი არც ერთი მხრიდან არ უნდა დაეშვა...

1997 წელს კავსაძემ, ოჯახთან ერთად, საქართველო დატოვა, შვეიცარიაში წავიდნენ, ჟენევაში საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ შეეყარა მის მეუღლეს, გულიკო დვალს უკურნებელი სენი.

სანდრო კავსაძისა და გულიკო დვალის სიყვარულის ამბავი სამი ათეული წლის წინათ, ალბათ, ყველაზე გახმაურებული სკანდალი იყო თბილისში. მოსიყვარულე წყვილის უკან ორი დანგრეული ოჯახი იდგა.

46 წლის ასაკში სანდრო კავსაძემ ოჯახი დატოვა და პირველად დაიწერა ჯვარი. ბერი ილია ამბობს, რომ მაშინ მათ მთელი სამყარო დაუპირისპირდათ.

„ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ტყუილში ცხოვრება – კიდევ უფრო რთული. 42 წლის ვიყავი, რომ შემიყვარდა. შეიძლებოდა სიყვარულზე უარის თქმა, მაგრამ ვერ შევძელი. ასეთი სიყვარულის ნახვა, როგორიც გულიკომ მომიტანა, შეუძლებელია. არ არსებობს ასეთი სიყვარული, არც გამიგია, არც წამიკითხავს“.

„ადამიანები სიყვარულისთვის იბადებიან და ყველაფერი ღმერთის სიყვარულისკენ მიდის. კაცის შემდეგ, ღმერთი იძულებული იყო, შეექმნა ქალი. ერთიანობა შექმნა ქალისა და კაცის. დასაბამიდან ასეა, ქალი კაცისკენ მიდის და კაცი – ქალისკენ. თუ აღმოაჩენს თავის ნეკნს, ხომ კარგი... თავის ნეკნს 5-6 პროცენტი თუ აღმოაჩენს ხოლმე ამ ქვეყანაზე. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. მე ჩემი ნეკნი ვნახე“.

როდესაც გულიკო დვალი გარდაიცვალა, წელიწადნახევრის განმავლობაში, დღეში ორჯერ მიდიოდა საფლავზე. მიდიოდა და ელაპარაკებოდა.

სანამ ბერად აღკვეცას გადაწყვეტდა, ჯერ მორჩილი იყო მონასტერში. შემდეგ შორს, მარტყოფში, ამაღლების მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. 2010 წლის 20 სექტემბერს ბერად აღიკვეცა. ამბობს, რომ იქ შეიგრძნო ჰარმონია, თითქოს წრე შეიკრაო.

ადრე თუ ხშირად დადიოდა მეუღლის საფლავზე, ეს სურვილი აღარ ჰქონია.

„თითქოს შევერთდით და თითქოს ერთად ვიყავით უკვე. მე ვფიქრობ, რომ მას მივუძღვენი სიყვარული, საპასუხო სიყვარული გადავეცი, წავიდა ის და ზემოდან მიყურებს. მისი ზემოქმედება აღარ არის, ჩემი პასუხი ის არის, რომ მე ისევ ისეთი ერთგული ვარ, როგორიც ვიყავი. ვარ ბერი ღმერთისა და მისკენ მივდივარ ისევ. ვემზადები მასთან შესახვედრად“.

ბერობამდე სანდრო კავსაძის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. მისმა შვილმა გადაწყვიტა ბერად აღკვეცილიყო. მამა იოანე ბერ-მონაზონია აშშ-ში მოღვაწეობს.

„პრაიმტაიმი“ (არქივი)