საიდან იბადება კიბო - მეცნიერები სიმსივნის დამარცხებას ახალი მეთოდით გეგმავენ

13:14 10-21-2019
57

ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერები კვლევის ჩასატარებლად გაერთიანდნენ. მათი მიზანია, დაადგინონ თუ საიდან იბადება კიბო, გამოავლინონ კიბოს ყველაზე ადრეუყლი ნიშნები და დაამარცხონ მანამ, სანამ იგი მძიმე დაავადებად განვითარდება.

მეცნიერები გეგმავენ ლაბორატორიაში „კიბო გააჩინონ“ და დაინახონ თუ ზუსტად როგორ გამოიყურება ავთვისებიანი სიმსივნე მისი წარმოშობის პირველ დღეს.

„კიბოს ნაადრევი გამოვლენის საერთაშორისო ალიანსი“ აცხადებს, რომ ეს კვლევის მხოლოდ ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მეცნიერები განმარტავენ, რომ რაც უფრო ადრეულ ეტაპზე შეძლებენ კიბოს გამოვლენას, მით მეტი შანსები ექნებათ პაციენტებს. გარდა ამისა, მკვლევარების მიზანია შეიმუშავონ გაცილებით უფრო მარტივი ანალიზები კიბოს პაციენტებისთვის და ჩაანაცვლონ ბიოფსია სისხლის ან შარდის ანალიზებით. მეცნიერები ასევე გეგმავენ გააუმჯობესონ რადიოლოგიური კვლევები და მიაკვლიონ კიბოს ჯერ კიდევ შეუმჩნეველ ნიშნებს.

მკვლევარების თქმით, ყველაფერი საწყის ეტაპზეა და შესაძლოა საბოლოო შედეგების მიღწევამდე 30 წელი დასჭირდეთ.

„ძირეული პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არასოდეს გვაქვს შესაძლებლობა დავინახოთ თუ როგორ იბადება კიბო ადამიანში. როდესაც სიმსივნეს ვპოულობთ, ის უკვე განვითარებულია,“- აცხადებს ექიმი დევიდ ქროსბი გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევითი ცენტრიდან.

საერთაშორისო კვლევაში ჩართულია ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრი, ქემბრიჯის და მანჩესტერის უნივერსიტეტები, ლონდონის, სტენფორდის და ორეგონის საუნივერსიტეტო კოლეჯები. ისინი ერთმანეთს საკუთარ იდეებს, ექსპერტიზასა და ტექნოლოგიებს გაუზიარებენ.

ავტორი: მარიამ გიგანი