სასწრაფოდ - სასამართლომ რუსთავი2-ის წილები დააყადაღა

12:19 10-21-2019
253

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი2-ის 60-პროცენტიანი წილი დააყადაღა. აღნიშნული განჩინებით დაკმაყოფილდა ტელეკომპანიის პირველი დამფუძნებლების - ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის მოთხოვნა. 

„პრაიმტაიმს“ ინფორმაცია აქიმიძე-დვალის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ დაუდასტურა, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „კანონიერი და სამართლიანია“. 

დამატებით დეტალებზე დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რამდენიმე წუთში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ. 

                                რუსთავი 2-ის საქმე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია და საქართველოს სასამართლოებმა ყველა ინსტანციაზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც „რუსთავი2“-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო.

2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.

ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-იც ჩამოართვეს. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.

2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.