რატომ არ მიდის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმეების გამოძიება ბოლომდე

17:15 10-19-2019
44

რამდენად ხშირად ისჯება საქართველოში ამა თუ იმ პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა? ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ მუხლით აღძრული საქმეები თითქმის ყველა შემთხვევაში გაუხსნელი რჩება. იურისტები მიზეზად არასრულფასოვან გამოძიებას ასახელებენ.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 1253 საქმე აღიძრა, თუმცა მათგან მხოლოდ 3 გაიხსნა, ხოლო დანარჩენი თაროზე შემოიდო. 

2019 წელს ამავე მუხლით აღძრული საქმეების რაოდენობა 139-ით გაიზარდა, აღიძრა 1392 საქმე, ხოლო გამოძიება მხოლოდ 6 საქმეზე დასრულდა.

კანონმდებლობის თანახმად, თვითმკვლელობამდე მიყვანაა, თუკი პირს, რომელმაც თავი მოიკლა, სისტემურად შეურაცხყოფდნენ, ემუქრებოდნენ, აშინებდნენ და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ცხადყოფს, თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის საქართველოში, ფაქტობრივად, არავინ ისჯება. იურისტები ამბობენ, რომ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ხშირად საქმეს სწორედ 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) აღძრავენ, თუმცა შემდეგ საქმეს წყვეტენ. საქმის შეწყვეტისას პროკურატურა ადასტურებს, რომ ეს მკვლელობა არ ყოფილა, მაგრამ იყო თუ არა თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი, ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებას არ აქვს.

კანონმდებლობის თანახმად, 115-ე მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.