შეიარაღებული დაპირისპირება სამართალდამცველებსა და კრიმინალურ დაჯგუფებას შორის მექსიკაში (ვიდეო)

09:54 10-18-2019
62

ცეცხლწაკიდებული ავტომობილები, ორმხრივი სროლა და დაღუპულები - მექსიკის ქალაქ კულიაკანში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

მექსიკის სპეც-დანიშნულების რაზმი ცნობილი ნარკო კარტელის წევრების განეიტრალებას ცდილობს.

ნარკო-კარტელის წევრებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რათ პოლიციამ დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი გამოააშკარავა. საუბარია ნარკობარონის ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუზმანის ვაჟზე.

სინალოას კარტელის ლიდერს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ამჟამად დაჯგუფების გავლენიან პირად მისი ვაჟი მიიჩნევა.

სინალოა ყველაზე მსხვილი კარტელია, რომელსაც აშშ-ში ყველაზე დიდი ოდენობის ნარკოტიკები შეაქვს.

ელ ჩაპოს ვაჟი პოლიციამ რეიდების დროს, საკუთარ სახლში იპოვა. ამას კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან სამართალდამცველებზე თავდასხმა მოჰყვა. კარტელის წევრებმა სცადეს ოვიდიო გუზმანი პოლიციისგან გამოეხსნათ.

სამართალდამცველებსა და კრიმინალურ დაჯგუფებას შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ადგილობრივი მედიის თანახმად, კულიაკანის ქუჩებში უკვე არაერთი ცხედარი შენიშნეს. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია ელ ჩაპოს ვაჟის შესაძლო სიკვდილის შესახებაც. 

სინალოას შტატის მთავრობა აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობენ ქალაქში წესრიგის აღდგენის მიზნით.

ავტორი: მარიამ გიგანი