„ეს ნაბიჯი ჩვენ იძულებით გადავდგით“ - თურქეთის ელჩი განმარტავს, რა ხდება სირიაში და რა უნდა თურქეთს

21:19 10-17-2019
198

თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანი მედიასთან საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებს ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიზნები და დეტალები დაწვრილებით გააცნო.

აღნიშნა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დამახინჯებული ინფორმაციები ვრცელდება და სიმართლეს არ შეესაბამება ფაქტი, თითქოს თურქი სამხედრო ძალები ქურთ მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ, რომ ეს ოპერაცია არ წარმოადგენს ქურთების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას, პირიქით, თურქები იცავენ თავსტერორისტული ორგანიზაციისგან - სირიაში ჩამოყალიბებული ქურთული სამხედრო რაზმისგან - YPG.

მისივე თქმით, ვრცელდება ძველი ფოტო და ვიდეომასალები, რომლებიც თითქოს ამჟამინდელ სპეცოპერაციას ასახავს.

ფატმა ჯერენ იაზგანი:

„ოპერაციის მიზანია 30კმ. სიგანისა და 480 კმ. სიგრძის ტერიტორიის ტერორისტებისგან გათავისუფლება, თურქეთის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტერორისტულ ელემენტებზე, ძირითად ბირთვს, ცხადია, წარმოადგენს თურქეთის მუშათა პარტია - „PKK“ და YPG. თურქეთმა მანამდე ჩაატარა ოპერაციები დაეშის წინააღმდეგ და ამ ოპერაციის მსვლელობისასაც თუ შეგვხვდება დაეშიც, რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგაც განხორციელდება ოპერაცია. თურქეთი არის დაეშის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრი, რომლის წევრ ქვეყნებთან კავშირი და თანამშრომლობა ახლაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალების მიერ, „PKK“-სთვის იარაღის მიწოდებაც გრძელდება. „PKK“-ს  ცენტრი არის ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ის 1960-70-იანი წლებიდან არსებობს და რამდენიმე დანაყოფი აქვს, ჩვენთვის ცნობილია არხები, ერაყის ჩრდილოეთიდან რომელი არხით ჩამოვიდნენ სირიაში, როგორ შექმნეს დაჯგუფება, სტრუქტურები.

სირიის ეროვნულ არმიას, თავის დროზე, აშშ-ც მხარს უჭერდა. ამ რეგიონში ცხოვრობდნენ ქურთები და არაბები და როდესაც „PKK“ ამ რეგიონში მოვიდა, წმენდა ჩაატარეს, არაბები იქიდან გაყარეს და არამხოლოდ არაბების, არამედ, ასირიელების ეთნიკური წმენდაც განახორციელეს, რათა ხელში ჩაეგდოთ მათი სოფლები. ასევე, იქ იყვნენ მასუდ ბარზანის მიმდევრები. „PKK“-მ ისინიც გაყარა, რადგან საკუთარი თავის გარდა, ვერავის იტანს. მას გარკვეული იდეოლოგიური ნიღაბი აქვს, მიმართულება. ისინი ალქაიდას წინააღმდეგ იბრძოდნენ. თქვენ შეგიძლიათ პარტნიორად ალქაიდა მიიღოთ იმისათვის, რომ დაეშს ებრძოლოთ? თუ არა, მაშინ რატომ „PKK“-სთან პარტნიორობა?

ჩვენი პრობლემა არ არის ქურთები, განსაკუთრებით კი თურქეთის მოქალაქე ქურთები, დღესდღეობით თურქეთის სახელისუფლებო პარტიაში 50 დეპუტატი ქურთული წარმოშობისაა. აქედან გამომდინარე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ „PKK“-ს წინააღმდეგ თურქეთის ბრძოლა აბსოლუტურად განსხვავებულია და არავითარი კავშირი არ აქვს ქურთებთან მიმართებაში არსებულ პრობლემებთან.

მაშინ როდესაც დაეში თავს დაესხა ქობანს, თურქეთი იძულებული გახდა, ერთ ღამეში 200 ათასი მოსახლე შეეფარებინა და ერთ კვირაში მათი დაბინავება უზრუნველყო. წარმოიდგინეთ, ამდენი ადამიანი უცებ საქართველოს რომ მოაწყდეს. მათი ერთი ნაწილი კვლავ თურქეთში ცხოვრობს, მეორე ნაწილი კი ქობანში გადადის-გადმოდის. ქობანი როგორ აშენდა? საიდან მოვიდა ეს ყველაფერი, ეს არ არის ქურთული პრობლემა, ეს არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა ელჩმა.

                                       აშშ-ს სანქციები

width=1400

აშშ-ს სანქციებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, თურქმა დიპლომატმა უპასუხა:
„ათათურქმა ასეთი რამ დაგვიბარა, თუ საკითხი შეეხება სამშობლოს, სხვა დანარჩენი დეტალებია. თურქეთის საზოგადოებრივი აზრი რომ იცოდეთ, დარწმუნდებოთ, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებმაც სახელისუფლო პარტიის წინააღმდეგ მისცეს ხმა, მხარს უჭერს ამ ოპერაციას. ჩვენ ეფექტურად ვთანამშრომლობთ გაეროს ორგანიზაციებთან. ოპერაციის საზღვრები განსაზღვრულია და მის მიღმა არავითარი სამუშაოების შეფერხება არ ხდება, 10 ოქტომბერს, ამ რეგიონიდან თურქეთის მიმართულებით მოხდა ჭურვების გამოსროლა.

საკუთარ უსაფრთხოებაზე ჩვენვე უნდა ვიფიქროთ. ამიტომ, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მართლები ვართ. რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, თუ ეს ზეგავლენას იქონიებს, ამისთვისაც მზად ვართ. თუ სამშობლო არ გვექნება, თავს უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობთ, ჯიბეში რამდენი ფულიც არ უნდა გვქონდეს, არანაირი ფასი არ ექნება. ერაყში და სირიაში სხვა ქვეყნებმა რა გააკეთეს და რა - არა, ჩვენ კარგად დავინახეთ.

 

შესაძლებელია იყოს ეკონომიკური სანქციები, აიკრძალოს იარაღის იმპორტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ტერორისტულ ორგანიზაციას შევეგუოთ და მესამე ძალებმა ეს ორგანიზაცია ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენონ, ჩვენი უსაფრთხოება შელახონ. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით.

                                          PKK“-ი თურქეთში

width=1400

რომელმა ქვეყანამ დაგმო „PKK“-ს ეს ქმედება? რომელიმემ მოუწოდა გაჩერებისკენ? თურქეთმა მანამდე ორი ოპერაცია ჩაატარა და მაინც და მაინც ახლა რატომ არის ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება? საერთაშორისო ურთიერთობები ასეა და ყველა ქვეყანას საკუთარი ლეგიტიმური ინტერესები აქვს და მათ ინტერესებში შესაძლებელია, არ შედიოდეს თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და თურქეთის საზღვრების დაცვა.

ზაფხულში, PKK“-მ ტყე გადაწვა. ისინი სირიიდან იმართებიან, იქიდან იღებენ მითითებებს. როგორ გგონიათ, თურქეთი არაფრის გამო განახორციელებდა ამხელა ოპერაციას? ამ მიწაზე თურქები არ ჩავლენ და არ იცხოვრებენ. ისევ სირიელები დასახლდებიან. ჩვენ ასევე არ ვცდილობთ, იქ არსებული ეთნიკური სურათი შევცვალოთ, თქვენ ნახეთ აფრინის ოპერაცია, იქ, მოგეხსენებათ, ქურთები არიან. იქ არავითარ დემოგრაფიულ ცვლილებას არ აქვს ადგილი“.

რაც შეეხება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, დიპლომატი აღნიშნავს, რომ აშშ-მ მათთვის მიცემული დაპირებები არ შეასრულა და შეთანხმება დღემდე არ არის სისრულეში მოყვანილი:

„არ ვიცი, ვაშინგტონში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ ოპერაციებთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვაქვს დათქმული ვადები, გამოცხადებული გვაქვს მიზანი, ეს კი ჩვენი საზღვრების ტერორისტებისგან დაცვაა.

მაგალითად, თურქეთს აშშ-სთან მიღწეული ჰქონდა შეთანხმება იმ საკითხზე, რომ „PKK“-ს ტერორისტული ელემენტები უნდა გადასულიყვნენ სხვა ადგილას, რათა არ შეექმნათ პერმანენტული საფრთხე თურქეთისთვის. აშშ დაგვპირდა, რომ 90 დღის განმავლობაში მუნგიკიდან „PKK“-ს წევრებს გადაიყვანდა სხვა ადგილას. 16 თვეა ამ ღონისძიებას ველოდებით და ეს ვერ შესრულდა. „PKK“ კი კვლავ მუმბიკშია. 2018 წლის დეკემბერში ჩვენი პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და ის დაჰპირდა, რომ ამერიკის ჯარები სირიიდან გავიდოდნენ. 2019 წლის იანვარში ჩვენ შევქმენით ჯგუფი ამერიკულ მხარესთან ერთად, რომელიც იმუშავებდა რეგიონის უსაფრთხო ზონის ჩამოყალიბების საკითხზე. ახლა უკვე ოქტომბერია... ამ მხრივაც არაფერი გაკეთებულა. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ ყველამ თვალნათლივ დაინახოს, რომ ახალგაღვიძებულზე, უცებ არ გადაგვიწყვიტავს, რომ ასეთი ოპერაცია დაგვეწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით და ვხედავთ, სირიის მხრიდან, „PKK“-ს თავდასხმები თურქეთის მისამართით კი არ შემცირდა, უფრო გააქტიურდა - იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების შემოტანა, ტყის გადაწვა და ა.შ. არანაირი წინსვლა არ არის. ეს ის ნაბიჯია, რომელიც ჩვენ იძულების წესით გადავდგით, ამას სხვა ალტერნატივა და გამოსავალი არ გვაქვს.

ვერ გეტყვით, ოპერაცია შეჩერდება, თუ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ რას მოელის თურქი ხალხი საკუთარი სახელმწიფოსგან, მოკვაშირეებისგან, მეზობლებისგან, პარტნიორებისგან. თურქეთი აშშ-ს მოკავშირეა უკვე 50 წელია და მაშინ როგორაა, რომ აშშ თურქეთის მოწინააღმდეგეს ეხმარება? ამ შეკითხვას სვამს თურქი ხალხი. თურქეთი ნატოს მოკავშირე წევრი ქვეყანაა. თურქეთს ყველაზე დიდი გასასვლელი აქვს შავ ზღვაზე. რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დაკისრულებულზე უფრო მეტს აკეთებს. ამიტომ, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, თუ როდის განეიტრალდება თურქეთისადმი მიმართული საფრთხეები“.

 

ავტორი: თამთა დადეშელი