„ცეცხლი არ შეწყდება!“ - თურქეთი ომს განაგრძობს

13:33 10-16-2019
49

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი არასოდეს გამოაცხადებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში. თურქული მედიის ინფორმაციით, ეს პასუხი გასცა თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს.

აშშ-ს პრეზიდენტმა თურქეთისგან სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა მოითხოვა და თურქ მინისტრებს სანქციები დაუწესა. თუმცა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ „თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს“.

ერდოღანთან მოლაპარაკების მიზნით, დღეს ანკარას აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი მაიკ პომპეო ეწვევა.

სატელეფონო საუბარი შედგა რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორისაც. თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას განუმარტა, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში, ხელს შეუწყობს კონტრ-ტერორისტულ ძალისხმევას, სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და პროცესის პოლიტიკურ გადაწყვეტას.

თუმცა, კრემლი მიიჩნევს, რომ თურქეთის არმიას სირიაში დარჩენის და იქ ჯარების სამუდამოდ განლაგების უფლება არ აქვს. სირიაში რუსეთის საპრეზიდენტო დესპანი ალექსანდრ ლავრენტიევი აცხადებს, რომ წინასწარი შეთანხმების მიხედვით, თურქეთის არმიას, სირიაში მხოლოდ 5-10 კილომეტრით შესვლა შეუძლიათ საზღვრიდან.

თურქეთი სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ იბრძვის, რომელთაც ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. ქურთი მებრძოლები სირიის დემოკრატიულ ძალებს ედგნენ სათავეში და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ს და საერთაშორისო კოალიციის მთავარი მოკავშირეები იყვნენ.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. საომარი მოქმედებების შედეგად 40-მდე ადამიანია დაღუპული. მათ შორის არიან როგორც სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.

ავტორი: მარიამ გიგანი