23 წლის ქართველი ოფიცერი ახალციხიდან ამერიკის არმიაში მსახურობს - ექსკლუზიური ინტერვიუ

11:41 10-16-2019
5493

გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკის არმიის ქვეითთა ოფიცერი გახდა. 23 წლის ახალციხელმა ბიჭმა ოფიცრის წოდება წვრთნებისა და თავდაუზოგავი ვარჯიშის შემდეგ მოიპოვა.

გიორგი ჩილინგარაშვილი მშობლებთან და ძმასთან ერთად, ექვსი წელია კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ვესტონში ცხოვრობს. ახალციხიდან აშშ-ში თავდაპირველად მამა, 2002 წელს წავიდა. ათი წლის შემდეგ კი ორივე ვაჟი წაიყვანა, მოგვიანებით ქმარ-შვილთან, დედაც ჩავიდა. გიორგი 17 იყო, მისი ძმა კი 13-ის. ახალციხელ ბიჭებს სკოლაში სიარული სრულიად უცხო გარემოში მოუწიათ. გიორგი გვიყვება, რომ სიახლეებთან შეგუება მარტივი არ ყოფილა.

გიორგი ჩილინგარაშვილი: „მამაჩემი რა ადგილასაც მუშაობდა მდიდარი დასახლება იყო და იმ სკოლაში მოგვიწია სიარული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვყოფილვართ მდიდრები, ამიტომ სკოლაში სწავლასთან ერთად გვიწევდა მუშაობა და ყველანაირად ვცდილობდით მე და ჩემი ძმა, რომ მშობლები ნაკლებად შეგვეწუხებინა ფინანსურ საკითხებში“. 

ახალციხეში ცხოვრების პერიოდში ჭიდაობაზე დადიოდა, სპორტისთვის თავი არც აშშ-ში გადასვლის შემდეგ დაუნებებია. სწავლასთან ერთად, რამდენიმე ადგილზე მუშაობა უწევდა.

გიორგი ჩილინგარაშვილი: „სკოლას და ჭიდაობას როცა ვამთავრებდი, სამსახურში მივდიოდი,  მაკდონალდსში ვმუშაობდი ხოლმე, ასევე განცხადებებს ვეძებდი ინტერნეტში და შაბათ-კვირასაც სხვადასხვა საქმეებზე დავდიოდი სამუშაოდ“.

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში, ციფრული მარკეტინგის და ანალიტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. გიორგის სტიპენდიის მოპოვება არ გასჭირვებია. პარალელურად, სამ ადგილზე მუშაობდა და სპორტულ კარიერას ახლა უკვე სხვა სახეობაში იწყობდა - ბრძოლა წესების გარეშე.

გიორგი ჩილინგარაშვილი: „ჩემი სამხედრო კარიერა  21 წლის ასაკში დაიწყო.ყოველთვის მინდოდა სწავლასთან და მუშაობასთან ერთად, ვყოფილიყავი სამხედრო სამსახურში. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, თუ ამერიკის ეროვნული გვარდიის რეზერვში, რიგითად წავიდოდი“.

2016 წლის 20 დეკემბერს გიორგიმ კონტრაქტს ხელი მოაწერა, უნივერსიტეტიდან ერთი სემესტრი აკადემიური  აიღო და ხუთი თვით ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სამხედრო კარანტინში წავიდა.

გიორგი ჩილინგარაშვილ: „კარანტინიდან დაბრუნების შემდეგ გავაგრძელე სწავლა და სამხედრო სამსახური, მაგრამ მივხვდი რომ უფრო მეტი შემეძლო, ამიტომ გადავწვიტე გავმხდარიყავი ოფიცერი ამერიკის რეგულარულ ჯარში. ჩემი უნივერსიტეტი მთავაზობდა ROTC (Reserve Army Officer Training Corps) პროგრამას, რომელიც მოიცავდა სამხედრო საოფიცრე სწავლებას უნივერსიტეტთან ერთად“.

გიორგის დღე გამთენიისას, 4 საათზე ვარჯიშით იწყებოდა, რომელიც სამი საათი გრძელდებოდა. ვარჯიშის შემდეგ, დილის 7-ზე სამსახურში მიდიოდა, საღამოს 6-დან კი უნივერსიტეტში, საღამოს ლექციებს ესწრებოდა.

გიორგი ჩილინგარაშვილი: „როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, ამ პერიოდში მომენიჭა ლეიტენანტის წოდება. მქონდა ორი არჩევანი - დავრჩენილიყავი რეზერვში ოფიცრად, ან წავსულიყავი რეგულარულ ჯარში. ადვილი გადასაწყვეტი არ ყოფილა, რადგან მქონდა ძალიან კარგი სამსახური და ასე რომ ვთქვათ, სამოქალაქო ცხოვრება აწყობილი მქონდა, მაგრამ ძალიან მიყვარს სამხედრო პროფესია და ახალი გამოწვევები, ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი რეგულარულ ჯარში, სადაც წვრთნების დამთავრების შემდეგ ოცმეთაურად ვიმსახურებ“.

გიორგის ჰყავს საცოლე, რომლიც 2017 წელს წელს გაიცნო. გვანცა ჯიქიას ხელი 2019 წლის მაისში სთხოვა. 

„ოფიცერი რომ გავხდი იმ დღეს ვთხოვე ხელი. გვანცას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებულ სამხედრო კარიერაში“. 

ერთი წელია, რაც გიორგის ძმაც ეროვნულ გვარდიაში მსახურობს. პარალელურად, უნივერსიტეტში სწავლობს. გიორგი ამბობს, რომ დავითს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაჰყვება თუ არა ძმის კვალს.

გიორგი ჩილინგარაშვილი: „მომავალში, ამირიკის პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას ვაპირებ“, - ამბობს ამერიკის ჯარის ქართველი ოფიცერი გიორგი.

ავტორი: რუსკა გვარამაძე