25 წელი ქოხში - „შვილზე ვიფიქრე, მომიკვდება-მეთქი და ჩემს დას გავატანე“

11:09 10-16-2019
3948

მარინე აღნიაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ცხოვრობს. ორ ათეულ წელზე მეტია, სახლი, რომელიც სამსულიან ოჯახს ეკუთვნოდა, დაინგრა. ღია ცის ქვეშ დარჩენილებმა ერთადერთ ვენახს მიაკითხეს და დიდი გაჭირვებით, ქოხი ჩადგეს.

„სახლი რომ დაინგრა, წასასვლელი არსად გვქონდა. ჩემმა მეუღლემ ვენახში ქოხი ჩადგა და შევსახლდით. მას შემდეგ ოც წელზე მეტი გავიდა“ - ამბობს პრაიმტაიმთან მარინე აღნიაშვილი.

ქოხში შეხიზნულმა ოჯახმა დახმარება ბევრჯერ ითხოვა, მაგრამ ადამიანური თავშესაფარი, აღნიაშვილებს არავინ გამოუძებნა.

მარინე აღნიაშვილი: „გაჭირვებით ვცხოვრობდით. ვის არ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ გულთან არავინ მიიტანა. ქოხში ცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ, თუმცა, რამდენადაც არ უნდა გიკვირდეთ, ცხოვრება აქ გავიდა“. 

გაუსაძლისი ყოფისა და პირობების გამო, მარინე აღნიაშვილს, შვილთან დაშორება მოუწია. ბავშვი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების იყო, სარჩენად და გასაზრდელად, მეზობელ სოფელში, საკუთარ დას გაატანა.

მარინე აღნიაშვილი: „ბოლო პერიოდია, რაც დენი მეღირსა. სანთლის შუქზე ვცხოვრობდით, საჭმელს შეშაზე ვაკეთებდით. ჩემი შვილი ჯანმრთელი არ არის და ასეთ პირობებში მისი ყოფნა არ შეიძლება. არც საჭმელი მქონდა გამოსაკვებად. ვიფიქრე, მომიკვდება-მეთქი და ჩემს დას გავატანე. ეს დარდი ცალკე მაწევს გულზე“.

რთულ პირობებში ცხოვრებამ და მძიმე შრომამ, მარინეს მეუღლე, გოგი აღნიაშვილი, დააინვალიდა. მან რამდენიმე ინსულტი გადაიტანა, რის გამოც ფიზიკური შრომა ვეღარ შეძლო, ამიტომ მისთვის წამლის საყიდელი ფულის შოვნაც, მარინეს უწევდა.

მარინე აღნიაშვილი: „ვალებით მომქონდა მისთვის წამლები და ძლივს ვისტუმრებდი. სასწრაფო დახმარების პერსონალი უკვე გვეჩხუბებოდა, ნუღა გვიძახებთო. 10 თვის წინ, ფილტვების ანთება დაემართა. 70 ლარის ანტიბიოტიკი სჭირდებოდა, მაგრამ მერიამ დახმარებაზე უარი გვითხრა. საავადმყოფოში გარდაიცვალა, მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა“.

მარინე აღნიაშვილმა, გარდაცვლილი მეუღლე, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან, ნათესავის დახმარებით გადაასვენა და მეზობლების შემწეობით დაკრძალა, რადგან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ მოთხოვნილ სარიტუალო ხარჯზე, კვლავ უარი უთხრა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სიციალური სამსახურის უფროსი, მაია ავაზაშვილი, ადასტურებს, რომ მარინე აღნიაშვილმა, მერიისგან სათანადო დახმარება ვერ მიიღო.

„ძალიან სამწუხარო ამბავია. როგორ გაგვეპარა ეს შემთხვევა, არ ვიცი. ასეთი ადამიანების დახმარება, ჩვენი პრიორიტეტია. ვერაფრით ვერ ვხსნი,შესაბამისი ხარჯი, რატომ არ გამოეყო. ალბათ გამოგვეპარა, თორემ ამას შეგნებულად არავინ გააკეთებდა“ - განაცხადა ავაზაშვილმა.

მარინე აღნიაშვილი ვენახში, ხისა და ცემენტის სარებით აშენებულ ქოხში, ახლა მარტოა, მეზობლებისა და კეთილი ადამიანების იმედად, რომლებიც მას, სარჩოს საშოვნელად, დღიურ სამუშაოს აძლევენ. ქალბატონს არც სოციალური დახმარება აქვს, მხოლოდ ასაკობრივ პენსიას იღებს და ნახევარს, ბანკიდან წინსწრებით გამოტანილ კრედიტს ახმარს. ყოველდღიურად გამომუშავებული თანხით, კი მაღაზიებში დაგროვილ ვალებსაც ისტუმრებს და ცოტა საკვებს ყიდულობს.

ხის ქოხში წყალი ჩადის. მარინე ოცნებობს - იქნებ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდეს და მის საცხოვრებელს სახურავი მაინც დააფაროს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი