ანაკლიის პორტის არაშენება ოკუპანტი ქვეყნის პირდაპირ ინტერესებშია - ნაცვლიშვილი

22:29 10-15-2019
32

 

საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა ანაკლიის პორტის შეჩერების მიზეზებსა და ხაზარაძე-ჯაფარიძის სამომავლო გეგმებზე „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

„მთავარი წყალგამყოფი ანაკლიის პორტია, რათა საქართველო ფეხზე დამოუკიდებლად და მყარად იდგეს, ის არ იყოს რუსეთზე მიბმული.

ჩვენთვის სიახლე არ იქნება, თუ საქართველოს მთავრობა ღიად იტყვის, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდება და ამაზე პასუხისმგებლობას კონსორციუმს დააკისრებს. ამ პროექტის გამო, ორ ადამიანს აღუძრეს ფულის გათეთრების უმძიმესი ბრალდებით საქმე, დაუყადაღეს ქონება, ქვეყნიდან გასვლაზე აკრძალვა დაუწესეს. ამის გათვალისწინებით ძალიან გაჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორების მოძიება. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, კონსორციუმმა, ხაზარაძე-ჯაფარიძემ სამი პარტნიორი მოიძია, რომლებმაც საქართველოს მთავრობასთან განაცხადეს, რომ ისინი ანაკლიის პროექტში ჩასართავად მზად არიან. 

ძალიან ძნელია ცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც ერთი კაცის ახირებას შეუძლია ქვეყნის მომავალს ზურგში ლახვარი ჩასცეს. ანაკლიის პროექტი ახალ, სასიცოცხლო ფუნქციას აძლევს საქართველოს მსოფლიო რუკაზე. ხელისუფლება უარს ამბობს ათასობით ადამიანის დასაქმებაზე, აფხაზეთთან კონფლიქტის ტრანსფორმაციის შესაძლებლობაზე, ეს ერთი კაცის ახირებით ხდება.

რუსეთი გამალებით აშენებს პორტს, რომელიც ანაკლიას ჩაანაცვლებდა. ანაკლიის პორტის არაშენება პირდაპირ არის ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებში და ვინც ამას ეწინააღმდეგება, აკეთებს რუსულ საქმეს“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, 15 ოქტომბრამდე კონსორციუმს ორი ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი.

ხაზარაძის მხარე აცხადებს, რომ მათ ახალი ინვესტორები უკვე ჰყავთ. საუბარია ორ კომპანიაზე, რომელთაგან ერთი ის ყაზახური კომპანიაა, რომლის კავშირებზე რუსეთთან ქართული მედია დიდი ხანია საუბრობს. „მერიდიან ქეფითალ ლიმითედი“ აეროპორტების ერტ-ერთი მსხვილი ოპერატორია და 14 ქალაქში ოპერირებს. ასევე რუსეთში ფლობს სასტუმროებს და ფიგურირებს რუსული რძის ბიზნესშიც კი.

მეორე კომპანია კი ჰოლანდიური „ვან ორდი“. ეს ის ორი კომპანიაა, რომელმაც ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ადგილი უნდა დაიკავოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.