რომელ პარტიას შეიძლება გაურიგდეს „ოცნება“ - გია ხუხაშვილის დანახული მოზაიკა

19:39 10-15-2019
2004

ეს ბევრად უფრო რთული სურათია, ვიდრე კობახიძე ცდილობს, რომ თავში ჩაგვიდოს და ბევრად უფრო დიდი თავისტკივილი აქვთ მათ, ვიდრე ჰგონიათ, –ასე აფასებს გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას.

– ეს კობახიძის შიშებია და მისი განაცხადი ლოგიკური არ არის. 45%–ზე საუბრობს. გამომდინარე იქიდან, რომ მმართველობითი კონსტრუქცია აბსოლუტურ ძალაუფლებას ემყარება, მათთვის პოლიტიკური პარტნიორების პოვნა საარჩევნო პერიოდში საკმაოდ პრობლემატური გახდება, თუმცა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად დაინიშნება. რადგან, იმ ცვლილებებით, რაც შემოთავაზებულია, თუ მათ ვერ შეძლეს წარმოდგენილი მთავრობის დამტკიცების უზრუნველყოფა, ალტერნატიულ ძალებს შეუძლიათ მთავრობის ფორმირება. თეორიულად, რატომაა ეს გამორიცხული მის რიტორიკაში, გაუგებარია.

თუ მათ 45%–თან მიახლოებული შედეგი მიიღეს, ალტერნატიული ძალები ვერ შეძლებენ შესაბამისი ფაქტიური კოალიციის ფორმირებას. მაგრამ რეალურად, „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი, 30–35%–ზე მაღლა არ იქნება. ამ შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, რომ მმართველი გუნდი თამაშგარე დარჩეს მომავალ მთავრობაში. ეს გამოსარიცხი არ არის.

- რომელ პოლიტიკურ ძალებს შეიძლება გაურიგდეს „ოცნება“ და კოალიცია შექმნას? რომელთან უფრო რეალური იქნება მათი თანამშრომლობა?

- დღევანდელ მოზაიკას თუ გადვხედავთ, ერთადერთი, ვისთანაც შეუძლიათ ითანამშრომლონ, ეს არის „პატრიოტთა ალიანსი“. დანარჩენმა ოპოზიციამაც შეიძლება ვერ დააგროვოს 50+1 იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტების“ თანამშრომლობა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე საუბრობს „ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებზე. თუმცა, რეალური მოცემულობა შესაძლოა კიდევ უფრო სხვა იყოს. თუ „ქართულმა ოცნებამ“ 30%–ზე მეტი ვერ მიიღო, სრულიად შესაძლებელია, რომ ალტერნატიული მთავრობის დაკომპლექტება მოხდეს. ასე რომ, ეს ბევრად უფრო რთული სურათია, ვიდრე კობახიძე ცდილობს, რომ თავში ჩაგვიდოს და ბევრად უფრო დიდი თავისტკივილი აქვთ მათ, ვიდრე ჰგონიათ.

- ამ განცხადების შემდეგ, პოლიტიკოსები, მთელი დღეა, დამცინავ კომენტარებს აკეთებენ კობახიძის არითმეტიკულ მონაცემებზე...

- გასაგებია, რომ კობახიძე ვითომ ვიღაცას აშინებს, არასერიოზულია, მაგრამ არ მგონია, კობახიძის ვინმეს ეშინოდეს ან კობახიძე ექვემდებარებოდეს ბულინგს.

- „ნაციონალებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის გააქტიურებულ დაპირესპირებებზე რას იტყვით?

- ეს არის პოლიტ–ტექნოლოგიური დაპირისპირება და არა – სისტემური. მეტსაც გეტყვით, „ქართულ ოცნებას“ სერიოზული პრობლემა გაუჩნდება, თუ ეს ორი პარტია ჯამურად მასზე უკეთეს შედეგს აჩვენებს. ასეთ შემთხვევაში, ამ ორს სერიოზული შანსი ექნება, რომ ფაქტობრივი კოალიცია შექმნას.

                               

                     რა თქვა ირაკლი კობახიძემ გუშინ და რა განმარტა დღეს

ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა მანდატების 45% მაინც, შემდეგ პარლამენტში, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება.

„მაღალია ალბათობა იმისა, რომ ასეთი შედეგი დადგეს და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მინიმუმ 45% არ მოაგროვა. თუმცა 45% და უფრო მაღალი შედეგიც საკმაოდ რეალურია“,- განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ამის თქმის საფუძველს დღევანდელი სურათიც აძლევს. „თუმცა მომდევნო ერთი წელიწადი საზოგადოებაში არ არის ისეთი განწყობა, რომ გინდა, თუ არა გარანტირებულად თქვა, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი ხმას მოგცემს ერთ წელიწადში. ამისთვის სერიოზული მუშაობაა საჭირო. ჩვენ ერთი წელი გვაქვს მოსამზადებლად, არამარტო მოსამზადებლად, არამედ საქმის გასაკეთებლადაც. ერთი წელი საკმაოდ დიდი დროა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ ერთი წლის განმავლობაშიც. გარდა ამისა, საარჩევნოდ ჩვენ ვგეგმავთ ამომრჩევლისთვის ისეთი პროგრამის შეთავაზებას, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის საფუძველი უნდა გახდეს“,- განაცხადა კობახიძემ.

დღეს, „სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ან მეორე განშტოება მსჯელობს იმაზე თუ, არჩევნების მერე ვინ დაიჭირონ და ვინ არა, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. შესაბამისად ეს მარჩიელობა ფუჭია...

ხედავთ, რომ ისინი იყვნენ ურწმუნოები, ერთად გახდნენ შემდეგ მორწმუნეები. ეს მათი საერთო მენტალიტეტის საქმეა. ჩვენი საარჩევნო ამოცანაა, რომ ავცდეთ 50-პროცენტიან ნიშნულს. ამის რესურსი ჩვენ გვაქვს“.


                            როგორ შეაფასეს კობახიძის განცხადება


„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, აკაკი ბობოხიძემედი მაქვს, რომ მისი პროგნოზი გამართლდება და „ქართული ოცნება“ კოალიციის შექმნა ვერ შეძლებს“;

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია: „კობახიძეს საარჩევნო მათემატიკა ძალიან უნიჭოდ გამოსდის. ჩვენ კობახიძის არითმეტიკის არასდროს არ გვჯეროდა და მისი მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილიც კი შეცდომაში შეიყვანა და მიალოცინა ზურაბიშვილისთვის. ეს მისი საარჩევნო სტატისტიკის წყალობით მოხდა გარწმუნებთ, რადგან იქ ვიყავი, როდესაც ამტკიცებდა, რომ არჩევნები პირველ ტურში იყო დასრულებული. მისი სტატისტიკის არაფერი მჯერა. მის გზავნილებში ბევრი სიცრუის გარდა ჭკვიანური ვერაფერი ამოვიკითხე. ერთადერთი რამისთვის შეიძლება იყოს ეს საყურადღებო პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ეს იყო კიდევ ერთი ღია დადასტურება, რომ ქართულმა ოცნებამ ზუსტად იცის, 2020 წლის არჩევნებისთვის ის უმრავლეს მანდატს ვერ მოიპოვებს“;

თამარ ჩუგოშვილი: „ამ თემის გარშემო ზედმეტი სპეკულაციები არ არის საჭირო. მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ცვლილებები ძალაში შევა, თუ კი შეძლებს ახლად არჩეული პარლამენტი კოალიციური მთვარობის ფორმირებას, მაშინ ბუნებრივია რომ ეს მთავრობა შეუდგება მუშაობას. იმ შემთხვევაში, თუ კოალიციური მთავრობა ვერ დაკომპლექტდება, ხელახალი არჩევნები იქნება ჩასატარებელი და შემოვა ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს 5-პროცენტიან ბარიერს. ამაზე საუბრობდა ირაკლი კობახიძე“;

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე: ირაკლი კობახიძე მათემატიკაში ძალიან სუსტი ყოფილა. თუ „ქართულმა ოცნებამ” 45% დააგროვა, ნიშნავს, რომ სხვებმა 55% დააგროვეს და ანუ, ხელისუფლება სწორედ გაერთიანებული პოლიტიკური ძალების მიერ იქმნება. კობახიძემ ძალიან სასაცილო მაგალითი მოიყვანა, 45% მათთვის საოცნებოა. გულში ფიქრობენ, რომ 45% - „ქართულ ოცნება“ და 6 % - „პატრიოტთა ალიანსი”, მაგრამ ასე არ მოხდება. „ქართული ოცნების“ მაქსიმალური ჭერი შეიძლება იყოს 28-30 პროცენტი“.

 

ავტორი: თამთა დადეშელი