ომში დასახიჩრებული თაობები და გიგანტი ქვეყნების დიდი სამიზნეები - ნიკა ჩიტაძე საომარ მოქმედებებზე

16:44 10-15-2019
190

სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა, რომელშიც ასახულია დასახიჩრებული, დამწვარი ბავშვები და გარდაცვლილი ადამიანები, ცხადია, საზოგადოებაზე ემოციურად იმოქმედა.width=800

სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივი სტრესის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშეა და ეს ყველაფერი, არამხოლოდ ყოველდღიურ ყოფაზე, რა თქმა უნდა, მათ ფსიქიკაზეც ნეგატიურად აისახება.width=751

თუმცა, გიგანტი ქვეყნები, მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებასა და გეგმების განხორციელებაზე არიან ორიენტირებულნი და არ ითვალისწინებენ მოსახლეობის, ბავშვების, ქალების უსაფრთხოებას.width=714

ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც საომარ მოქმედებებს ახორციელებენ, არ ითვალისწინებენ სხვადასხვა კონვენციას, რეზოლუციებს და ამით, არამხოლოდ დღევანდელ ყოფას, მათ მომავალსაც სერიოზული ფსიქოლოგიური საფრთხის ქვეშ აყენებენ:

– საომარი მოქმედებები, ადგილობრივ მოსახლეობაზე, ცხადია, ნეგატიურ გავლენას ახდენს, უამრავი მსხვერპლია ხოლმე. მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტში ჩართული მხარეები, უმეტეს წილად, არ იცავენ, თუნდაც, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ წესებს. არსებობს ჟენევის 1949 წლის კონვენცია, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ასევე, ჰააგის საერთაშორისო კონვენცია, 1954 წლის, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლების დაცვას. სამწუხაროდ, სირიის შემთხვევაში, ბევრჯერ დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები და მსხვერპლის უდიდესი ნაწილი, 2011 წლიდან დაწყებული, მშვიდობიან, უდანაშაულო მოსახლეობაზე მოდის. ამას ემატება ლტოლვილთა ნაკადი და ეს მხოლოდ სირიას არ ეხება, საერთო ჯამში, მსოფლიოში, კონფლიქტების შედეგად, 30 მილიონ ადამიანზე მეტია ლტოლვილი, თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.width=889

– თავდაცვის რა მექანიზმები არსებობს ასეთი მოსახლეობისთვის?

– ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ბერკეტი ძალიან სუსტია, საერთო ჯამში, სამართლებრივად გამოსავალი შემდეგი გახლავთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს შესაბამისი დადგენილება, რეზოლუცია, გაეროს წესდების მეშვიდე თავის შესაბამისი მუხლების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებას კონფლიქტის რეგიონში, რომელიც გულისხმობს ძალთა დაშორიშორებას, საერთაშორისო დამკვირვებლების ან „ცისფერჩაფხუტიანების“ გაგზავნას. სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში, გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში ქვეყნების პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, იგივე ეხება სირიის კონფლიქტს. ვიცით, რომ რუსეთი მხარს უჭერს ასაბის რეჟიმს, აშშ კი პირიქით – წინააღმდეგია, თუმცა, ეგუება იმ არსებულ რეალობას, რომელიც დღესაა, რომ ასაბის რეჟიმი სირიის ტერიტორიაზე 60%–ზე მეტს აკონტროლებს.

– როდესაც დიდი ქვეყნები, თავიანთი ინტერესების გამო, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან და მათ ასეთ მძიმე პირობებში ამყოფებენ, მათ უფლებებს არ ითვალისწინებენ და მათი ქმედებები საერთაშორისო სამართლის წესებს ეწინააღმდეგება, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო?

– სამწუხარო რეალობა სწორედ ეს არის და კონკრეტული კონსენსუსის მიღწევა ძალიან რთულია, სწორედ იმ მიზეზების გამო, რომლებზეც ვისაუბრე. აქედან გამომდინარე, გაეროს უშიშროების საბჭოს ავტორიტეტი და როლი ეცემა, ამის მაგალითია, თუნდაც, თურქეთის შეიარაღებული ძალების ქმედება სირიაში, რომელსაც სამართლებრივი მექანიზმი უნდა გააჩნდეს, კერძოდ, გაეროს წესდების მეშვიდე თავის ამოქმედება. როდესაც რეზოლუცია არ არის და თურქეთი რეზოლუციის გარეშე მოქმედებს, ბუნებრივია, ეს საერთაშორისო სამართლის წესებს ეწინააღმდეგება. თურქეთი თავისი ქმედების ლეგიტიმაციას იმით ცდილობს, რომ ის ნატოს წევრია და მასზე ნატოს წესდების მეხუთე მუხლი უნდა გავრცელდეს, თუმცა, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ თავდასხმა ერთ რომელიმე წევრზე განიხილება, როგორც თავდასხმა მთლიანად ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსზე და ამ შემთხვევაში, საომარი მოქმედებები თურქეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, თურქეთი არ არის თავდასხმის ობიექტი, პირიქით, მოქმედებები სირიის ტერიტორიაზეა.

– როგორი ფსიქიკით იზრდება მომავალი თაობა ასეთ ქვეყნებში?

– ბუნებრივია, ისინი ტრავმირებულები არიან და ომი მათ ფსიქიკაზე მეტად ნეგატიურად მოქმედებს, რადგან ბავშვობისას მიღებული ტრავმები, მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. ფროიდის თეორიას თუ დავესესხებით, ადამიანის ხასიათი ცხოვრების პირველი 15 წლის განმავლობაში ყალიბდება, თუმცა, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ავტორები, ალფრედ ადლერი და სხვები, ამ თეორიას უარყოფენ და ამბობენ, რომ ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება მთელი ცხოვრების განმავლობაში ხდება. რეალურად, როდესაც ბავშვი საომარი მოქმედებების ვითარებაში იზრდება, მის ფსიქიკაზე ის ნეგატიურად იმოქმედებს, რანაირი კონვენციებიც არ უნდა მიიღონ ბავშვთა დაცვის შესახებ. ვიცით, რომ არსებობს, ბავშვთა დაცვის, 1989 წელს მიღებული კონვენცია.

– რამდენად დიდია საფრთხე, ასეთ ვითარებაში გაზრდილი ბავშვების უმეტესი ნაწილი, მოძალადე გაიზარდოს?

– რა თქმა უნდა, ბევრი შეიძლება გაიზარდოს მოძალადე, თუმცა, მეორე მხარეცაა, როდესაც ადამიანი რთულ პირობებში იზრდება, არსებობისთვის ბრძოლა უწევს და თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო მეტად უვითარდება. მაგალითად, საქართველოში, ბევრია „განებივრებული ბავშვი“, რომლებსაც შემდგომში შექმნიათ პრობლემა, რადგან მანამდე, ადვილად მისდიოდათ ფული, უზრუნველყოფილი ოჯახი ჰქონდათ და მერე, ბევრ მათგანს ცუდად დაუმთავრებია ცხოვრება. ამიტომ, მედალს ორი მხარე შეიძლება ჰქონდეს. საერთო ჯამში, კონფლიქტურ რეგიონში გაზრდა ძალიან რთულია, ბავშვი ტრავმას განიცდის.

 

ავტორი: თამთა დადეშელი