ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო ხდება

12:10 10-15-2019
18

სამშენებლო პროექტის მომზადების დროს ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

მისი თქმით, ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში შედის. 

„როდესაც განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება ხდებოდა, არ იყო გათავლისწინებული თუ სად და როგორ უნდა განთავსებულიყო  ურნები. ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან შემდეგ, როდესაც პროექტი დამთავრდებოდა, „თბილსერვის ჯგუფს“ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია უწევდა,  ხშირად იყო უთანხმოება,  სად უნდა მომხდარიყო ურნების განთავსება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, პროექტშივე აისახოს ეს ყველაფერი, სად უნდა განთავსდეს ურნები და როგორი უნდა იყოს. პროექტის დონეზე უნდა გაკეთდეს, რათა ყველაფერი  იყოს თავიდანვე მოწესრიგებული, რომ შემდეგ, არ მოხდეს დაპირისპირება და უთანხმოება იქ მცხოვრებ ადამიანებთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ცვლილება საბოლოოდ მოხსნის დისკომფორტს, როგორც მოსახლეობისთვის, ისე მუნიციპალიტეტისთვის.