Exclusive: ორაგულის სტეიკის მოხარშვის შემდეგ, „საოცრებები“ აღმოვაჩინეთ - მომხმარებელი უხარისხო პროდუქტზე

00:01 10-15-2019
2278

საკვებად უვარგისი პროდუქტი  - West Fish-ის ორაგულის ფილე. მომხმარებელმა სუპერმარკეტების ერთ-ერთ ქსელში იყიდა. მან „პრაიმტაიმს“ მოუყვა, რომ მომზადებისას წყალი გამწვანდა, მერე მატლების მსგავსი ჭიები შენიშნა.

ამ ორაგულის სტეიკის სადისტრიბუციო კომპანია West Invest Product-ია, რომელსაც სადისტრიბუციო ქსელი აქვს და მოიცავს თითქმის მთელ საქართველოს.

„წამოდუღებამდე თევზის ხარშვისას წყალში მწვანე ფერი გაუშვა. მატლების მსგავსი რაღაცები ვნახე, როცა წყალი უნდა გამომეცვალა. ნაწლავების ადგილას სიშავე დაკრავდა. ეს ის შემთხვევაა, როცა არც ვარგისიანობის ვადა და არც შენახვის პირობები ეჭვს ქვეშ არ დგება. ორაგულის სტეიკში მოხარშვის შემდეგ „საოცრებები“ აღმოვაჩინეთ. იმედია, ამოიღებენ  ამ პროდუქტს გაყიდვიდან, სანამ ვინმე მოწამლულა. ჩვენ რომ აღარ ვიყიდით ამას ფაქტია. მწარმოებელ კომპანიას დავუკავშირდი, ბოდიში მომიხადეს და მითხრეს, რომ საჭირო ზომებს მიიღებდნენ, რადგანაც უქმე დღეები დაემთხვა, შედეგები ჯერჯერობით უცნობია“ - ამბობს ანი კოკაია.

„პრაიმტაიმი“ ამ „საშიში“ პროდუქტის შემომტან კომპანიას დაუკავშირდა. როგორც West Invest Product-ში განაცხადეს, მომხმარებლის შეტყობინება უქმე დღეს მიიღეს და ხვალიდან ყველაფერს გაარკვევენ. კომპანიის წარმომადგენელი ერთი მხრივ, ამბობს, რომ თითოეულ პრობლემას ძირეულად იკვლევენ, მეორე მხრივ კი, დასძენს, რომ მსგავსი პრობლემა არასოდეს ჰქონიათ.  

 „მომხმარებელმა საქმის კურსში გუშინ ჩამაყენა. დღეს მოგეხსენებათ, უქმეა და ამიტომ, ხვალ დილიდანვე გავარკვევთ და საჭირო ზომებს მივიღებთ. მსგავსი ფაქტი არასოდეს დაფიქსირებულა. ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა. ჩვენ კლიენტს უყურადღებოდ არასოდეს ვტოვებთ, ყველა პრობლემას ძირეულად ვიკვლევთ, მსგავსი პრობლემა კი არასოდეს გვქონია“ - მარკეტინგის მენეჯერი თამარ ამისულაშვილი.

 „პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს გაარკვევს, ამ დროისთვის უცნობია, ორაგულის სტეიკის ამ პარტიას ამოიღებენ თუ არა გაყიდვიდან.

შეგახსენებთ, კომპანია 4000-მდე მაღაზიას  ამარაგებს და ასევე, წარმატებული ურთიერთობა აქვს ადგილობრივ სუპერმარკეტების ქსელებთან - „კარფური“, „გუდვილი“, „სმარტი“, „ფუდმარტი“, „ფურშეტ ჯორჯია“, „ფრესკო“, „იოლი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ნუგეში“.

ავტორი: თამარ ბუჩუკური