რუსთავში მომხდარ მკვლელობას ერთ-ერთ ბიზნესმენს უკავშირებენ - ადვოკატი

00:46 10-13-2019
845

დავით მუმლაძის მკვლელობა ქართველი ბიზნესმენის მიერ იყო შეკვეთილი - ამ ხმაურიან განცხადებას დაკავებული გიორგი გეთაშვილის ადვოკატი ალეკო კობაიძე „ინფო რუსთავთან“ აკეთებს. ამის გარდა, გეთაშვილის ინტერესების დამცველი მუმლაძის წამებით სიკვდილზეც საუბრობს.

„აღნიშნულ საქმეს ჰყავს შემკვეთი. ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ ეს მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არ მომხდარა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, აწ გარდაცვლილი იყო კონფლიქტში ერთ-ერთ ბიზნესმენთან, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და საკმაოდ გავლენიანი პირია. ჩემი ინფორმაციით, გარდაცვლილი ფიზიკურად გაუსწორდა აღნიშნულ ბიზნესმენს და ამის შემდგომ ბიზნესმენმა გადაწყვიტა შური ეძია. ამის თვითმხილველებიც არსებობენ. სწორედ მის მიერ მოხდა შეკვეთა და შემდეგ უკვე შესრულება იმ ფორმით, რა ფორმითაც შესრულდა.  დავით მუმლაძეს ყელი აქვს გამოჭრილი“ - აცხადებს ალეკო კობაიძე.

შეგახსენებთ, 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურს, დავით მიროტაძესა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დრომდე იძებნება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ჯღარკავა.