ვინ არის 12 წლის ბიჭი, რომელიც ოჯახის დასახმარებლად ქუჩაში ხელსახოცებს ყიდის

23:10 10-12-2019
284

პატარა ბიჭს, რომელიც დედის დასახმარებლად გაკვეთილების შემდეგ ქუჩაში ხელსახოცებს ყიდის, სოციალური პოლიტიკის „ენაზე“ ქუჩაში მომუშავე ბავშვი ჰქვია. 12 წლის ლუკას დედას კი, ბავშვთა უფლებების დამცველები შვილის შრომით ექსპლუატაციაში დაადანაშაულებენ.

გულისამაჩუყებელი ისტორია მკაცრად გაწერილ გაეროს კონვენციასაც დაგავიწყებთ და სოციალური პოლიტიკის ტერმინებსაც...

12 წლის მოზარდი მარტოხელა დედასთან და ობოლ დეიდაშვილთან ერთად მუხიანში, უკვე 5 წელია, მატარებლის ვაგონში ცხოვრობს. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, არავინ იცის ამ ოჯახს კიდევ რამდენი წლის გატარება მოუწევს ე.წ. საცხოვრებელში. ისინი ულიანდაგო მატარებლის უმისამართო მგზავრები არ არიან, პატარა ლუკას არც თუ ისე დიდი ოჯახი, ვაგონის ბინადარია.

„პრაიმტაიმი“ ლუკას დედას, ჟანას ესაუბრა. როგორც ქალბატონმა განმარტა, ოჯახი სოციალურად დაუცველია. თუმცა, ის სახელმწიფო შემწეობას არ სჯერდება და დასუფთავების სამსახურში მუშაობს, ხელფასი მცირეა, მაგრამ იცის, რომ თვის ბოლოს, ბავშვების საყვარელ კერძს რამდენჯერმე მოამზადებს. ფულის გამოლევის შემდეგ, ისევ შიმშილთან ბრძოლა დაიწყება. მას ახლა, ყველაზე მეტად ზამთრის სუსხიანი დღეები აშინებს. ამბობს, რომ პატარებს თბილი ტანსაცმელი არ აქვთ...

„ლუკა დაბადებიდან მალევე მარტომ გავზარდე. მამა არასოდეს დაინტერესებულა - სად ვართ, როგორ ვცხოვრობთ და საერთოდ, ცოცხლები ვართ თუ არა. გაჭირვებით ვზრდიდი. მერე ჩემი დისა და სიძის გარდაცვალებაც თავს დაგვატყდა და ჩემი დისშვილი, 9 წლის ელენეც ჩემი საზრუნავი გახდა. მასზეც ისევე ვზრუნავ, როგორც საკუთარ შვილზე. ბინა არ მქონია, ქირის გადახდის საშუალება არ მაქვს. ამიტომ, ნაცნობმა ეს ვაგონი დაგვითმო და 5 წელია აქ ვართ.

ძნელია ბინის ნაცვლად ვაგონში ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ზამთარ-ზაფხულ კერძებს შეშის ღუმელზე ვამზადებ. ზამთარში განსაკუთრებულად ბევრი ფული შეშის საყიდლად გვჭირდება. ყოველთვის შოვნას ვერ ვახერხებთ, ისე სულ ვეძებთ ხის ნარჩენებს.

ლუკა სკოლიდან რომ მოდის, ჯერ მეცადინეობს, მერე კი, ხელსახოცებს ყიდის ქუჩა-ქუჩა. ხან ლარს შოულობს, ხან 3 ლარს, გააჩნია, როგორი დღე გამოდგება ჩვენთვის... სოციალური დახმარება გვაქვს, დასუფთავების სამსახურშიც ვმუშაობ, ხელფასი 400 ლარი მაქვს, მაგრამ სრულად ვერ ვიღებ. დაიჯერებთ, რომ სკოლის დაწყების დღეს 10 თეთრი არ მქონდა? რა უნდა მექნა, ბანკს მივაკითხე და სესხად ავიღე. პროცენტები მოგეხსენებათ, რამხელაცაა. ბავშვები ხან ავად ხდებიან, ხან წიგნებია საჭირო, ხან რა და ხან რა. ყველაზე ბევრი ფული შეშას სჭირდება, ბავშვებს ხომ ვერ გავყინავ თუნუქის ვაგონში?  შრომა არ მეზარება, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე ამ ჩემს ოჯახს და რა ვქნა, რა გავაკეთო. ძნელია, როცა ჯიბე ცარიელი მიდიხარ და ბავშვებს ცარიელ მაგიდასთან უყურებ. იცით, რამდენი დღე ყოფილა, როცა ცარიელი პურიც კი გვინატრია? სიცივის მეშინია, რა ჩავაცვა ორ მოზარდს არ ვიცი, რასაც ვშოულობთ ბანკს, კომუნალურ დავალიანებებსა და საკვებს მიაქვს. ძნელია ასეთი სიღატაკე, გაუსაძლისი ყოფა და ნაადრევად დაკაცებული შვილის ყურება, რომელიც ნამდვილი მამაკაცივით მიდგას გვერდით“ - ამბობს 12 წლის ლუკას დედა, ჟანა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური