3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს, ამ დრომდე ექსპერტიზა არ ჩატარებია 

16:34 10-12-2019
990

პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს ამ დრომდე, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა არ ჩატარებია. შესაბამისად, წინასასამართლო სხდომა, რომელიც 23 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო გადაიდო.

როგორ „პრაიმტაიმს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსანდრე გაბუნიამ განუცხადა, საქმე ერთ ადგილზეა გაჩერებული, რადგან ამ დრომდე ექსპერტიზის ჩატარებას ელოდებიან.

„ექსპერტიზა სასამართლომ დანიშნა. თუმცა, ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ერთ ადგილზე ვართ გაჩერებულები. მომდევნო სხდომის თარიღიც არ გარკვეულა. გვეუბნებიან ბევრი საქმეა და რიგში დგეხართო. ფსიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ​ექსპერტიზის შემდეგ, უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება,“ - აცხადებს გაბუნია. 

პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის თამარ საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 30 აგვისტოს შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ის საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს. 

თამარ საძაგლიშვილის დედის, მანანა ჩხიკვაძის განცხადებით კი, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობდა კიდეც. „იღებდა მედიკამენტებს, მკურნალობდა და ფსიქიატრიულში იწვა“. 

ცნობისთვის, შემთხვევა პეკინის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

თამარ საძაგლიშვილს საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება. საძაგლიშვილს ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.