ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომლითაც უნდათ არჩევნებამდე გაანადგურონ ადამიანები - ილია ჯიშკარიანი

21:00 10-11-2019
30

„რაც ახალგაზრდა გოგომ მოყვა, ყველაფერი ტყუილი და შეთითხნილია. ეს არის შავი პიარი და მიმართულია ავტორიტეტული მაჟორიტარული დეპუტატების მიმართ. ასეთი შემთხვევები იყო უკვე, ნინოწმინდასი და ხვალ შესაძლოა, სხვაგან მოხდეს“, - ამის შესახებ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა გადაცემა „პირველებში“ განაცხადა.

ჯიშკარიანი მასსა და თამთა თოდაძეს შორის მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამაზე ვრცლად პირველად, კლინიკიდან საუბრობს.

„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ილია ჯიშკარიანს სხვადასხვა NGO-ს წარმომადგენლებმა და მედიასაშუალებებმა განაჩენი გამოუტანეს. ეს ძალიან გულდასაწყვეტია და ჩემზე ძალიან იმოქმედა. ქვეყანაში არსებობს სასამართლო და გამოძიება. 

ამბობენ, ხელისუფლება და პარტია მიდგას გვერდით, ჩანს ყველაფერი, ასეთი მძიმე ბრალი წამიყენა სამართალდამცველებმა. მე ჩემი გზა არჩეული მაქვს, რათა ჩემი სიმართლე დავამტკიცო.

ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომლითაც უნდათ არჩევნებამდე გაანადგურონ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება კიდევ მისი ავტორიტეტის, დამსახურების მიხედვით მოიპოვონ ხმები.

მე თუ სახელი გამიფუჭდება, ამით ზიანი პოლიტიკურ პარტიას მიადგება, ეს მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.

მე ამას გავუმკლავდები, ექიმების დახმარებით მე მოვძლიერდები და ფეხზე დავდგები. 

ამ გოგოზე ძალიან გაბრაზებული ვარ. სამი წელია ჩვენთან მუშაობს და გაუჩნდა კარიერული სვლის ამბიცია. მე შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი და რეკომენდაციებიც არსებობს“, - ამბობს ჯიშკარიანი.

დეპუტატმა არ იცის ქალს სხეულზე დაზიანებები საიდან აქვს. 

„იმ მომენტში მეც ოფისში ვიყავი. დეტალებზე ვერ ვსაუბრობ, მე იმ სხვა ახალგაზრდების მრცხვენია, ვისაც რეკომენდაცია გავუწიე. ალბათ, ისინიც გამოვლენ და იტყვიან, ყველაფერს ფარდა აეხდება. მე მას ხელით არ შევხებივარ“, - ამბობს დეპუტატი.