შსს-მ მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავა

19:35 10-11-2019
54

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს
დაბადებული ო.მ., დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თბილისში
დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 10 ოქტომბერს, მარნეულში, შოთა
რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთი ჩაიხანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თან ახლდა
1984 წელს დაბადებულ რ.ა.-ს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი
პირი დაჭრა, თუმცა ამის შესახებ ო.მ. -ს პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.

სამართალდამცველებმა რ.ა. ცხელ კვალზე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად
მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით,  ო.მ. კი  - მომხდარიდან მეორე დღეს,
დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ო.მ.-ს მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმ პირის მიერ,
ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული.