11 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული - თურქეთის სამხედრო ოპერაცია გრძელდება

15:28 10-11-2019
1151

სირიაში თურქეთის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია გრძელდება. საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე და ათობით ქურთი მებრძოლი. დაღუპულია 1 თურქი ჯარისკაციც.

მწვავე სახმელეთო და საჰაერო იერიშების გამო, საცხოვრებელი სახლი დატოვა ათობით ათასმა ადამიანმა.

თურქეთის არმია სირიის ჩრდილოეთ ნაწილში იბრძვის. ოფიციალური ანკარა ირწმუნება, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანია შექმნას უსაფრთხო ზონა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ქურთი მებრძოლები აღარ იქნებიან და ამ ტერიტორიაზე სირიელი დევნილები დაასახლოს.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიის დემოკრატიულ ძალებში შემავალ ქურთ მებრძოლებს ტერორისტებად და თურქეთის მოწინააღმდეგე ძალად განიხილავს.

ქურთი მებრძოლები და სირიის დემოკრატიული ძალები აშშ-ს მთავარი მოკავშირე იყო სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რამდენიმე დღის წინ, სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც თურქეთის მხრიდან გააქტიურება მოჰყვა.

ერდოღანის მიერ წამოწყებულ საომარ მოქმედებებს დონალდ ტრამპის მხრიდან გაფრთხილება, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კი მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ავტორი: მარიამ გიგანი