სახლი დააგირავა და ტოტალიზატორში წააგო ...- რას ჰყვება ბრალდებული ორხევში მოკლულ კაცზე

12:33 10-11-2019
2194

ორხევში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ამ წუთებში სასამართლო პროცესი იმართება.

პროცესზე ბრალდებულმა ის დღე გაიხსენა, როდესაც მკვლელობა მოხდა. მისი თქმით, ეს განზრახ მკვლელობა არ ყოფილა.

„განზრახ მკვლელობა არ ყოფილა, თორემ როგორც მივედი ვესროდი. შელაპარაკება მომივიდა. ფეხში მოხვდა. წამოვედი მერე, სახლში მივდიოდი და გამომეკიდა. ჩემზე ძლიერი იყო. ამ დროს მოგვივიდა შელაპარაკება. ეს იყო ჩემი დანაშაული. პატივს ვცემდი. გაჭირვებული იყო, ბინა დააგირავა. ტოტალიზატორში წააგო. ჩემთან ახლოს გადმოვიდა საცხოვრებლად. იქ გავიცანი და ვეხმარებოდი. ვეუბნებოდი სახლიც აიშენე-თქო. ყველაფერის მასალა მივეცი. მერე დედის ოპერაციაზე მივეცი 400 ლარი. ბავშვს ტელეფონი არ აქვსო და 200 ლარი გამომართვა, შემდეგ შვიდასი. ცოლს დასჭირდაო კიდევ 700. მრეცხავად წავიყვანე ჩემთან სამსახურში, სადაც დარაჯი ვიყავი. ჩემი უფროსი კიევში წავიდა და იმის დისშვილები დარჩნენ უფროსად. მათთან კარგი ურთიერთობა დაიჭირა. მე ეს არ მომწონდა, რადგან ორჯერ მოჰპარა საბურავი. მათთვის უთქვამს ლერი გაუშვით და მე მომეცით მაგის ხელფასიცო. მე გამათავისუფლეს სამსახურიდან. ჩემი შვილი იყო ჩამოსული ამ დროს საქართველოში, რომ წავიდა ვიფიქრე დაველაპარაკები-თქო. მთელი ღამეები არ მეძინა. ეს როგორ გამიკეთა-თქო. მოვკიდე იარაღს ხელი და წავედი დილით და ფული მოვთხოვე“,- ამბობს ბრალდებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა 400 ლარამდე თანხას ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

ახალგაზრდას, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.