ჯიშკარიანი თავის ძმაკაცის საავადმყოფოში წევს, არაფერი არ სჭირს - ბაია პატარაია

11:27 10-11-2019
228

ჯიშკარიანი ყველაფერთან ერთად ყოფილა ძალიან მშიშარა, ის უკვე 6 დღეა თავისი ძმაკაცის საავადმყოფოში წევს ისე, რომ არაფერი არ სჭირს - ამის შესახებ ქალთა უფლებათა დამცველმა ბაია პატარაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ჯიშკარიანის ჯანმრთელობის შესახებ საქმის მასალებში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი. 

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმის მასალებში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი და რეალურად ამ 6 დღის განმავლობაში მას სერიოზული რაიმე სახის პროცედურა არ უტარდებოდა. ილია ჯიშკარიანი თავს მგალობელს უწოდებს და ეს „მგალობელი კურდღელი“ 6 დღეა ემალება მართლმსაჯულებას. ცხადია ჩვენი მთავარი პრეტენზია მიემართება პროკურატურას, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა არ აპირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვოს პატიმრობა, არამედ მოითხოვოს გირაო.

ჯიშკარიანმა ერთხელ უკვე წაშალა დანაშაულის კვალი, როდესაც თავის ცოლს და თანამშრომლებს პირწმინდად დაალაგებინა დანაშაულის სცენა. ამასთან სცადა ზეწოლა თამთა თოდაძეზე და მორიგება სცადა. ჯიშკარიანი არის გავლენიანი პოლიტიკოსი , მას აქვს მფარველობა, როგორც ქალაქის მერის ასევე სხვა ოცნების მაღალჩინოსნებისა და მთელი ეს პროცესი, რომელიც მიდის ამდენი დაბრკოლებებით გამოწვეულია იმით, რომ მას ჰყავს ძალიან ძლიერი მფარველები“ - აცხადებს ბაია პატარაია.  

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანი თანამშრომელმა, თამთა თოდაძემ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. 

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.