ლევან საგინაშვილს სპორტის მართვისა და განვითარების დეპარტამენტი პასუხობს

11:19 10-11-2019
207

პრაიმტაიმმა“, რამდენიმე დღის წინ, მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც სპორტსმენი მის წარმატებებზე საუბრობს და გულნატკენი ამბობს, რომ სხვა ქვეყანაში წასვლას გეგმავს, რადგან აქ არავინ აფასებს.

სპონსორიც კი ვერ მოიძია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიო „ტოპ 8“ -ის მეორე ტურში გამარჯვებულ სპორტსმენს, საქართველოში დაბრუნებულს არავინ შეხმიანებია. 

ქართველი „ჰალკის“ ამ განცხადებას, სპორტის მართვისა და განვითარების დეპარტამენტი ოფიციალური განცხადებით გამოეხმურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ლევან საგინაშვილმა 2018 წელს საქართველოს ნაკრების სახელით მონაწილეობა მიიღო მკლავჭიდის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამასთან ორივე ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების სანაცვლოდ მიიღო სახელმწიფოსგან დაწესებული კუთვნილი პრემია.

2019 წელს საგინაშვილმა გადაწყვიტა კომერციულ ტურნირებში მონაწილეობა, რასაც პირდაპირ კრძალავს მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია. სწორედ ამიტომ მან გამოტოვა წლეულს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საგინაშვილი რჩება ეროვნული ნაკრების წევრად და იმ შემთხვევაში თუ ის უარს იტყვის კომერციულ ტურნირებში მონაწილეობაზე, კვლავ დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ საერთაშორისო ფედერაცია არ მისცემს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალებას, რაც მოხდება საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციისგან დამოუკიდებლად.

სამინისტრო, მლავჭიდის ფედერაციას უფინანსებს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობას. შესაბამისად, ვერ დავუშვებთ გამონაკლისს და ვერ დავაფინანსებთ ამა თუ იმ სპორტსმენის კომერციულ ტურნირში მონაწილეობას, მითუმეტეს მაშინ როცა ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტს და სპორტსმენს უკრძალავს საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.