დღეიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

08:54 10-11-2019
111

დღეიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დავით გარეჯის საკითხსაც.

„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და, რა თქმა უნდა, სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს.

სწორედ ამ საფუძველსა და ამ ფუნდამენტზე გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.