„კარტერული გარიგებები“ ნაციონალებისგან გიორგი კვირიკაშვილმა გადაიბარა - გიორგი შარაშიძე

19:01 10-10-2019
1081

დღეს სააპელაციო სასამართლომ განიხილა საქმე „სიტროენ ჯორჯია“ კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ. როგორც „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს მას აქვს მოლოდინი, რომ 20 ნოემბერს სასამართლო მათ სასიკეთოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რადგან ამის საკმარისი მტკიცებულებები გააჩნიათ.

შარაშიძე საქართველოს ექს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ყოფილ სპორტის მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს კორუფციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საავტომობილო სფეროში „კარტერული გარიგებები“ ამ დრომდე მიმდინარეობს.

„სასამართლოს მოვახსენეთ ის უამრავი ფაქტი, რაც წარმოაჩენს, რომ გამოძიება გაყალბებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით, რადგან კვირიკაშვილმა თავის დროზე გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი დავა იყო სრულიად აბსურდული. როგორც ჩანს მას ამის პირადი და ფინანსური ინტერესი ამოძრავებდა. იმდროინდელი სპორტის მონისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელიც დღესაც ფლობს ბაზრის 70%-ს და უკონკურენტოდ ჩატარებული ტენდერებს ითვისებს თაღლითურად. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, ყველაფერი მოახერხა იმისთვის, რომ მისი პრემიერობის დროს არ დადგენილიყო სიმართლე და მოგეხსენებათ, საავტომობილო სფერო არის მეორე ადგილზე იმპორტში და ეკონომიკისთვის არის უდიდესი ზარალი, როდესაც იმპორტში მეორე ადგილზე მყოფი პოზიციით საავტომობილო ბაზარში არის ასეთი დიდი კორუფცია, გარიგება და „კარტერული ფასები“, - აცხადებს შარაშიძე.

გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ აპირებს ეს საქმე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც გააცნოს რადგან, ამით ზარალდება სახელმწიფო და ყოველდღიურად განიცდის ზარალს 

„ჩვენ დღეს ამის შესახებ მოვახსენეთ სასამართლო აპელაციას და ასევე მოვახსენეთ პარლამენტს, „პატრიოტთა ალიანს“ და დამოუკიდებელ დეპუტატებს. მივმართეთ ყველას, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ვინაიდან სწორედ მათ დროს დაიწყო ეს „კარტერული გარიგებები“ და გადმოიბარა კვირიკაშვილმა. პარლამენტმა დაინახა სერიოზული პრობლემა და უამრავი ფაქტი, რაც ჩვენს სიმართლეს ადასტურებს. კერძოდ, ჩვენი ბიზნესი იქნა მიტაცებული და ბაზარი კი განადგურებულია. დღესდღეისობით ყოველდღიურად ათეულობით მილიონი ლარის ზარალს განიცდის სახელმწიფო. ამ ყველაფრის ფონზე გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის კონკრეტულმა ფრაქციამ, რომ მიაწოდოს პრემიერს ინფორმაცია ამ საქმეზე.

გვჯერა, რომ ამდენ ფაქტზე დაყრდნობით, 20 ნოემბერს სასამართლო გამოიტანს ჩვენს და პირველ რიგში, ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ახლა საქმე უკვე ეხება ქვეყანას, რადგან ჩვენი კომპანია უკვე გაკოტრებულია. თუ ეს ასე არ მოხდება, გავივლით უზენაეს საფეხურსაც. ჩვენ გვყავს უცხოელი კრედიტორი. შემდეგ ამ დავას აუცილებლად გაიტანთ ქვეყნის გარეთ, სადაც მივაღწევთ წარმატებას, რადგან არამხოლოდ სიმართლეა ჩვენს მხარეს, არამედ უამრავი ფაქტია, თვითონ სახელმწიფო აუდიტი ამტკიცებს ამ ყველაფერს. სწორედ დღევანდელი აუდიტის დასკვნით იკვეთება, რომ არის „კარტერული გარიგებები“ საავტომობილო სფეროში. მაგრამ სამწუხარო იქნება თუ ეს იმედები გაგვიცრუვდება. მოლოდინი გვაქვს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ ახლა უკვე მთავარია როდის მოხდება ეს. რადგან ჩვენი კომპანია უკვე გაკოტრდა და ზარალზე ვართ, ფაქტობრივად“, - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე