მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები! - „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი

18:56 10-10-2019
77

გუშინ ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა კლუბში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო ვარჯიში შეწყვიტეს. როგორც ფეხბურთელები აცხადებენ, მათ ხელფასი 4 თვეა არ აუღიათ და ასეთ პირობებში ვარჯიში ფიზიკურად შეუძლებელი ხდება.

დღეს, ქუთაისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან „ტორპედოში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბის შესყიდვით ქართველებთან ერთად, უცხოელი ინვესტორებიც არიან დაინტერესებულნი. კახა ჩხეტიანის ინტერვიუ, „ტორპედოს“ ოფიციალურმა Facebook-გვერდმა გაავრცელა.

ტორპედოთი“ არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. დღეს ქალაქის მერიაში დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ინვესტორთან და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება...

თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ „ტორპედო“ ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ შეუწყობს. გავალთ და ვითამაშებთ. მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები!

არანაირი ბოიკოტი - ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ იმ დღიდან, როცა ფინანსური პრობლემა შეგვექმნა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფინანსურად. გარდა იმისა, რომ ფედერაცია მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა ხარჯებს გვიფარავს, ერთი თვის წინ ერთი თვის ხელფასიც გამოგვიყო...“ - აცხადებს ჩხეტიანი.

„ტორპედოში“ რამდენიმე თვეა ფინანსური კრიზისია. სახელფასო დავალიანების გამო, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქუთაისური კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. კლუბის გულშემატკივრები, ფინანსების მოსაძიებლად, ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდთან შუამდგომლობის ვალდებულებას ქუთაისის მერს აკისრებენ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბში არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება რომ მოეხდინა, მდგომარეობა ასე არ გამწვავდებოდა. ქუთაისის მერიამ 2017 წელს ზაალ ჩაჩავას კლუბი 300 000 ლარად მიჰყიდა. თუმცა, ფინანსური პრობლემები მალევე შეიქმნა. მიმდინარე წელს კი, ჩაჩავამ კლუბზე საბოლოოდ თქვა უარი.