EXclusive: წარწერა პატარძლის კაბაზე „რუსეთი ოკუპანტია“ - ვინ ჩაიცვა ეს კაბა საკუთარ ქორწილში

18:47 10-10-2019
2590

„რუსეთი ოკუპანტია“ - ამ შინაარსის სლოგანს სად აღარ შევხვდებით. ადამიანები საკუთარი ქვეყნის დანაწევრებას სხვადასხვაგვარი პროტესტით გამოხატავენ. ცდილობენ, ეს რაც შეიძლება ხმამაღალი და ფართომასშტაბიანი იყოს.

გამონაკლისი არც 28 წლის დიზაინერი, ხატია ადამია აღმოჩნდა. 5 სექტემბერს საკუთარ ქორწილში თავისი დიზაინით შექმნილი საპატარძლო კაბა ეცვა, წარწერით - „რუსეთი ოკუპანტია“.

width=550

ფოტოები ქორწილიდან 1 თვის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა და ბუნებრივია, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოწვია. ქსელის ზოგიერთი მომხმარებელი დიზაინერს საქციელს უწონებს, ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ეს ფორმა მიუღებელი და იმ ქორწილისთვის უადგილოა.

width=550

„პრაიმტაიმს“ ხატია უყვება, რომ ნეგატიურ კომენტარებს ყურადღებას არ აქცევს და ეს ყველაფერი მათი აზრის მოსასმენად არ გაუკეთებია.

- ხატია, ეს იდეა საიდან წამოვიდა?

- საქორწილო სამზადისის პერიოდში რუსთაველზე აქციები დაემთხვა. სწორედ აქედან გამიჩნდა ეს იდეა. ქორწილი 5 სექტემბერს გვქონდა, სურათები კი 1 თვის შემდეგ გამოგვიგზავნეს

- საზოგადოებაში თქვენს სამოსს ორაზროვანი შეფასება მოჰყვა. ნაწილმა მოიწონა, ნაწილმა კი თქვა, რომ ეს უადგილოა. რას უპასუხებთ მათ?

- ეს იმისთვის არ გამიკეთებია, რომ ვინმეს აზრისთვის მომესმინა. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. ვფიქრობ, რომ სადაც გინდა და როგორც გინდა შენი აზრი უნდა გამოხატო. მით უმეტეს, დიზაინერი ვარ და შემეძლო, ასეთი ფორმით გამომეხატა. ეს ჩემი შეკერილი სამოსია.

ვიღაცამ დაწერა პოლიტიკას რატომ რევთ ყველგანო. ვფიქრობ, ეს უკვე პოლიტიკა კი არა, ჩვენი ყოველდღიურობაა, ჩვენი ცხოვრების ნაწილი, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და ყველგან, სადაც მოვახერხებ ამას ხმამაღლა ვიტყვი. ისე, ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი ვარ.

- პირველად შექმენით სამოსი მსგავსი სლოგანით?

- დიახ, ამ შინაარსის სამოსი ჩემთვის პირველი იყო. ნეგატიურ კომენტარებს ყურადღებას არ მივაქცევ და აუცილებლად გავაგრძელებ.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე