რეაგირება იქნება უმკაცრესი! - ზუგდიდის მერია თანამშრომლის ფეისბუქ კომენტარს შეისწავლის

18:38 10-10-2019
46

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ააიპ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ზაზა ფარცვანიას მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდება მას შემდეგ, რაც ფაქტის ნამდვილობა დადგინდება. რა იგულისხმება უმკაცრეს რეაგირებაში, მერიის პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.

„როგორც კი დადგინდება ამ ფაქტის ნამდვილობა, მერის პოზიციაა, რომ რეაგირება იყოს უმკაცრესი“, - აცხადებენ მერიაში..

უფრო კონკრეტულია ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია. ის მიიჩნევს, რომ ფარცვანიამ მისი მოადგილის თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ორშაბათამდე შვებულებაში ვიმყოფები, სამშაბათს გამოვდივარ. ყველა ვარიანტში მივიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას , რომ ყველა, ალბათ, დარჩება კმაყოფილი. ეს თავისი სურვილით იქნება თუ ჩემგან იქნება - მე გავაკეთებ ჩემსას. ნამდვილად ეს უკვე ზღვარგადასული ქმედებაა... მექნება მასთან დიალოგი, რომ დიდად შეწუხებული ვარ მისი ასეთი ქმედებით და ალბათ, თავისივე სურვილით წავა, - აღნიშნა მაქაცარიამ.

საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ კომენტარტზე, რომელიც ერთ-ერთი პოსტის ქვეშ წერს ზაზა ფარცვანია. 

„თუ არ გაუყრია შენთვის, პატიმრობას არ ითვალისწინებს“. 

ზაზა ფარცვანიამ ფეისბუკზე სიძულვილის ენის შემცველი ტექსტი 2017 წლის ივლისშიც გამოაქვეყნა, როცა ასევე მერიის დაქვემდებარებულ სხვა ააიპ-ში ფეხბურთისა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ფარცვანიამ შეურცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისის ცენტრიდან 2017 წელს გაუჩინარდა. მუხთარლის მხარდასაჭერად ქართული მედიის წარმომადგენლებმა მაშინ აქცია გამართეს, ზაზა ფარცვანიამ ყველა მათგანი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.