ლაგოდეხში, 16 წლის სტიქაროსანის ოჯახში ხატებს მირონი სდის - ნახეთ ვიდეო

17:49 10-10-2019
107

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, გულიაშვილების ოთხსულიან ოჯახში, ხატებმა მირონდენა დაიწყეს. 

16 წლის გიორგი გულიაშვილი ყვება, რომ სასწაული, ივლისის თვეში, სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ მოხდა.

„რამდენიმე თვეა, რაც ჩემს სახლში ხატებს მირონი სდის. პირველად, მირონი მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს დაედინა, შემდეგ დანარჩენებს და ამ სასწაულის სანახავად და სალოცავად სხვადასხვა რაიონებიდან მოქალაქეები და სასულიერო პირები მოდიან“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ გულიაშვილმა.

გიორგი ამბობს, რომ ეკლესიაში ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან დადის. 16 წლის კი, ის სტიქაროსანი გახდა.

„ეკლესიაში დედამ მიმიყვანა, მას შემდეგ დავდივარ. დიდი სიხარული იყო ჩემთვის, როცა საკუთარ დაბადების დღეზე სტიქაროსანი გავხდი“ - გვიამბო მან.

გიორგი ხატებს წერს, ჯვრებს და სასანთლეებს საკუთარი ხელით, ხისგან აკეთებს. მიმდინარე სასწავლო წლიდან, ის კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში მეფუტკრეობასა და ხეზე კვეთის ხელოვნებას შეისწავლის.

ლაგოდეხის ყაზანის ტაძრის ერთ-ერთი წინამძღვარი, მამა ზურაბ კიკილაშვილი ადასტურებს, რომ გულიაშვილების ოჯახში მირონმდინარე ხატები ნამდვილად ნახა.

„ვნახე ხატები, რომლებსაც მირონი სდის. მაგრამ უფალი სასწაულს როდის და რატომ მოგვივლენს, ვინ იცის. არ გაგვიხმაურებია, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი მეგობრის ოჯახშიც მოხდა ასეთი ფაქტი. გიორგი ჩვენი სტიქაროსანი იყო, ახლა, როგორც ვიცი, სასწავლებლად მიდის“, - ამბობს მამა ზურაბი. 

სწავლის დასრულების შემდეგ, 16 წლის სტიქაროსანი, ეკლესიაში დაბრუნებასა და ფუტკრის მოშენებას აპირებს. 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი