სამი მწყერით დაწყებული ბიზნესი სოფელ ნოსირში

15:57 10-10-2019
468

პროფესიით იურისტმა მერაბ ნანავამ, რომელიც ამჟამად სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ნოსირში ცხოვრობს ფრინველების მოშენება ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრების დროს დაიწყო. 22 წლის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და საყვარელ საქმეს მშობლიურ სოფელში მიჰყო ხელი. მას უკვე რამდენიმე წელის მწყრის მეურნეობა საკუთარ სახლში აქვს. მის ფერმაში ამჟამად 1000-მდე მწყერი ცხოვრობს, აქედან 400 კვერცხმდებელია.

მერაბ ნანავა: „რუსეთიდან ჩამოვიტანე სხვადასხვა ჯიშის 150 მწყრის და 70 ხოხბის კვერცხი, თუმცა სულ 3 მწყერი და 4 ხოხობი გამოიჩეკა. ყველაფერი აქედან დავიწყე... პატარა ინკუბატორი მქონდა და გამოჩეკვის პერიოდში, სითბოს დეფიციტმა შემიფერხა გამოჩეკვა. ყველა მეუბნებოდა თავი გაანებე არაფერი არ გამოვაო მაგრამ, მე ამ საქმის დეტალურად ყველაფერი ვიცი და ასე თუ ისე რაღაც გამოვიდა, სამი მწყერით გავაკეთე ეს ფერმა“. 

ფერმა, 130 კვ/მ-ზეა მოწყობილი, სპეციალური გალიებით, ინკუბატორით, წყლის სისტემით, გამწოვით და სხვა საჭირო ინვენტარით. მიღწეულით თავად ფერმერი არ არის კმაყოფილი და ამბობს, რომ მეურნეობამ სრულყოფილი ფორმა, რომ მიიღოს ბევრი რამ უნდა გააკეთოს.

მეწარმე: „შიგნით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ფული რომ მქონდეს სულ სხვანაირი იქნება იქაურობა, ერთ ოთახში საჰაერო შახტა ორია, წესით ექვსი უნდა იყოს. მწყერის სწორად გაზრდაში აუცილებელია ნორმა ჰაერი, წყალი, საჭმელი, სისუფთავე და ზამთარში სითბო“.

მეწარმე გვიყვება, რომ მწყერის კვერცხის შემადგენლობაში რამდენიმე სახის ვიტამინი შედის და მას სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. მწყრის ქონისგან კი წამლებს აკეთებს, რომელიც რადიკულიტის და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება.

მწყერისთვის საჭმელს მე თვითონ ვამზადებ, ვიღებ წითელ სიმინდს, ხორბალს, ქერქს, საკუთარი წისქვილი მაქვს ვფქვავ და შემდეგ ვამატებ თევზის ფქვილს. აუცილებელია დოზები, რომ საერთო ჯამში გარკვეული რაოდენობის საკვები გააკეთო... ვინმე რომ დამეხმარებოდეს და ერთი ნაბიჯით წინ წამწევდეს, მაშინ შეიძლება მოგებაზეც გავიდეს. თვეში 1000 -მდე კვერცხს დებენ, ინკუბატორი დიდი არ მაქვს და იმის საშუალებას არ მაძლევს, რომ ერთდროულად 1000-1500 კვერცხი შევაწყო.  დიდი ინკუბატორი, რომ მქონდეს მაშინ კვერცხმდებლების რაოდენობას გავზრდიდი. თვეში სამჯერ ვაწყობ 600 – 700 კვერცხს, იმას მირჩევნია ერთხელ 2000 -3000 შევყარო, დენის ხარჯიც ნაკლები იქნება და საჭმლის ხარჯიც“, - აღნიშნა ფერმერმა მერაბ ნანავამ.

მან ბიზნესის გაფართოების კუთხით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა, თუმცა ფინანსური მხარდაჭერა ვერც ერთხელ ვერ მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ის ფრინველების მოშენებაზე უარს არ ამბობს და უფრო მეტიც, მომავალში საოჯახო ბიზნესის გაფართოებას გეგმავს.

ავტორი: თეა შონია