რისთვის დასჭირდა ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომი - მამუკა მდინარაძე განმარტებას აკეთებს

15:03 10-10-2019
31

„არგუმენტი, რომ შეუძლებელია და ამიტომ არის ყალბი ვიღაცის დიპლომი, აღარ არსებობს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნაზი ჯანეზაშვილის განათლებაში ეჭვი არავის ეპარება.

„მე ჩემს განცხადებაში ყურადღება გავამახვილე არა იმაზე, რომ ვინმეს ეჭვი ეპარება ნაზი ჯანეზაშვილის განათლებაში ან დიპლომის ნამდვილობაში, არა იმაზე  ერთი და იმავე უნივერსიტეტში სწავლობდნენ თუ არა ნაზი ჯანეზაშვილი და შალვა თადუმაძე, არამედ იმაზე, რომ გუშინ მთავარი არგუმენტი იყო -  ვინაიდან ამ ინსტიტუტს 2003 წელს მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი, შეუძლებელი იყო 2003 წლამდე დიპლომში მითითებული ყოფილიყო ნოდარ დუმბაძის სახელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ  მოვიძიეთ და მტკიცებულების სახით მოვიტანეთ ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომი, რომელსაც ასევე, 2003 წლამდე აქვს აღებული დიპლომი და იქაც წერია ფრაზა - „ნოდარ დუმბაძის სახელობის“.  არგუმენტი, რომ შეუძლებელია და ამიტომ არის ყალბი ვიღაცის დიპლომი, აღარ არსებობს,  რადგან არსებობს სხვა დიპლომიც, სადაც ასევე მითითებულია, რომ ეს ინსტიტუტი იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის და  შესაბამისად, ასე ოპერირებდა ინსტიტუტების ბაზარზე“ - განაცხადა  მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპონენტებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ, რადგან მოძიებული ინფორმაცია და წარმოდგენილი დოკუმენტი მთავარ არგუმენტს, რომელიც შალვა თადუმაძის დიპლომთან მიმართებაში არსებობდა - აბათილებს.

„თუკი ჩვენ ობიექტურ ინფორმაციას მოვიძიებთ, ეს არ ნიშნავს რომ ვიღაცის ან ისეთი რაღაცის გადასარჩენად ხდება, რაც თავისთავად, გადასარჩენი არ შეიძლება იყოს. ჩვენ ყოველთვის უნდა შევეცადეთ, რომ კითხვები ამოვწუროთ. ამ კვირების განმავლობაში ჩვენ შევეხებით ისეთ საკითხებს, სადაც კითხვის ნიშნები აბსოლუტურად უნდა გაქრეს, სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება იქნება რთული. ამ კითხვების გაქრობას ემსახურება ჩვენი მეცადინეობა, იმასთან დაკავშირებით, რომ გავიგოთ ობიექტური სიმართლე, რომელიც არსებობს ბუნებაში და არა მხოლოდ პოლიტიკური კინკლაობის ჭრილში წარმოვუჩინოთ საზოგადოებას ესა თუ ის სუბიექტური სიმართლე. ჩვენ ობიექტური სიმართლე გვჭირდება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქვია ძალიან გამჭირვალე პროცესი და რომელიც თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შეეხება. ამიტომაც ყველამ უნდა ვიპოვოთ ძალა. დავდგეთ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა და ვთქვათ ის, რაც არის სიმართლე. ამ შემთხვევაში მე მოვიტანე დოკუმენტი, რომელიც არის დამადასტურებელი სიმართლისა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.