შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურია - ზაზა თავაძე

11:40 10-10-2019

შეწყალების საკითხზე გამოცხადებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურია, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ზაზა თავაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მორატორიუმთან დაკავშირებით მას კითხვა მამუკა მდინარაძემ დაუსვა.

არანაირი მორატორიუმი გამოცხადებული არ უნდა იყოს. ეს კონსტიტუციური ვალდებულებაა. პრეზიდენტი გახლავთ ის ვისაც ექსკლუზიურად აქვს მინიჭებული შეწყალების უფლება, - განაცხადა თავაძემ.

ზაზა თავაძე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.

ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს მოუსმინა.