ჯანეზაშვილის და თადუმაძის დიპლომები განსხვავებულია - მათ ერთი სასწავლებელი დაამთავრეს

11:22 10-10-2019
1

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრ ნაზი ჯანეზაშვილსა და გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ერთი და იგივე უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული. 

ნაზი ჯანეზაშვილი „პრაიმტაიმთან“ ამ ინფორმაციას ადასტურებს.

„თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“ ნამდვილად ვსწავლობდი 1997-2002 წლებში. თუმცა ჩემი განათლება ამით არ დასრულებულა. მას მერე, სერიზული კონკურსი გავიარე და სტიპენდიით მოვხვდი ვარშავის უნივერსიტეტში იქ 1 წელი ვისწავლე. საქართველოში დაბრუნებული ვმუშაობდი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. მოგვიანებით კი, კვლავ გავიმარჯვე და პროგრამით, სტიპენდიით მოვხვდი კოლუმბიის უნივერსიტეტში. მოგვიანებით ჩავაბარე კავკასიის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე, მაგრამ 2016-17 წლებში ისევ წავედი ამერიკაში. ჯერ მონტანას უნივერსიტეტში ვიყავი ერთი სემესტრი ენის კურსებზე, შემდეგ კი ვაშინგტონშიმ ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში 1 წელი ვისწავლე“, - აცხადებს ჯანეზაშვილი.

იუსტიციის საბჭოს წევრის თქმით, მისი დიპლომი ვიზუალურად განსხვავდება თადუმაძის დიპლომისგან, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ადმინისტრაციამ უბრალოდ დიზაინი შეცვალა წლების განმავლობაში.

„ჩემი დიპლომი ვიზუალურად განსხვავდება თადუმაძის დიპლომისგან, თუმცა ამით არაფერს ვამტკიცებ. შესაძლოა, ადმინისტრაცია ცვლიდა დიზაინს სხვადასხვა წელს“, - ამბობს ჯანეზაშვილი.

მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი:

ჯანაზეშვილსაც და თადუმაძესაც დიპლომში ინსტიტუტის დასახელებაში მითითებული აქვთ, რომ ის ნოდარ დუმბაძის სახელობისაა.

width=600

თუ ასეთი ჩანაწერი აქვს ჯანეზაშვილის დიპლომს 2002 წელს, როცა ოფიციალურად ნოდარ დუმბაძის სახელი ინსტიტუტს 2003-ში მიენიჭა, მაშინ თინა ბოკუჩავას არგუმენტი, რომ სწორედ წინასწარი ჩანაწერი მოწმობს გენერალური პროკურორის დიპლომის „სიყალბეს“, ჯანეზაშვილის დიპლომზეც უნდა გავრცელდეს.

ამასთა დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ბოკუჩავას არგუმენტი ამ ნაწილში სუსტია.

„შესაძლოა ინსტიტუტის ადმინისტრაციის შიდა აქტით მიენიჭა დაწესებულებას მანამდე ნოდარ დუმბაძის სახელი. ერთი რამ ვიცი, რომ ასეთივე დიპლომი აქვს მოსამართლე ჩახნაშვილს და მისი ნამდვილობა დადასტურებულია“, - აცხადებს ჯანეზაშვილი.

რაც შეეხება თადუმაძის დიპლომის ნამდვილობას, ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ იმ წლებში საქართველოს განათლების სისტემაში მართლაც იყო პრობლემა:

„რეალური განათლება მე უცხოეთში მივიღე და არა აქ. ეს არ იყო საუკეთესო სასწავლებელი. მაშინ, მოგეხსენებათ კორუფციის მაღალი დონე იყო განათლების სისტემაში. ასე რომ ამ კონკრეტულ საქმეზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი...“, - განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში საქართველოს გენერალურ პროკურორს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს მოუსმინეს, რა დროსაც მისი დიპლომის ნამდვილობა მწვავედ დადგა დღის წესრიგში.

ოპოზიციას ორი არგუმენტი აქვს იმისათვის, რომ დიპლომის ნამდვილობაში ეჭვი შეიტანოს:

1. ჩანაწერით თადუმაძე ამ ინსტიტუტის სტუდენტი გახდა 1993 წელს, როცა ოფიციალურად ის 1994 წელს დაარსდა;

2. თადუმაძემ ინსტიტუტი 1998 წელს დაამთავრა და მის დიპლომში წერია, რომ ეს ინსტიტუტი ნოდარ დუმბაძის სახელობისაა, როცა ეს სახელი მას ოფიციალურად 2003 წელს მიენიჭა.