ბესელია-ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება ცნობილია - „შეწყალების სკანდალი“

11:15 10-10-2019
45

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ეკა ბესელიასა და ალეკო ელისაშვილს შორის წარმოებულ სკანდალურ სამართლებრივ დავაზე.

ჩვენს მიერ მოპოვებულ განჩინებაში, რომელსაც ხელს მოსამართლე პაატა ქათამაძე აწერს, ნათქვამია, რომ „ალექსანდრე ელისაშვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩეს“, შესაბამისად ამ დროიდან ძალაშია პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ელისაშვილს ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯარო უარყოფა დაევალა. 

საქმე ეხება ჯერ კიდევ 2015 წლის 22 დეკემბერს გადაცემა „არჩევანში“ ალეკო ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ სკანდალურ ბრალდებებს. 

„ეს პოლიტიკოსები (ეკა ბესელია და მანანა კობახიძე) პატიმრების გაშვებით ვაჭრობდნენ და ამაში იღებდნენ ფულს“, - განაცხადა ელისაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. მისივე თქმით, ეკა ბესელიას მხრიდან მასზე, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე, ადგილი ჰქონდა ზეწოლის მცდელობას, რათა პრეზიდენტთან კონკრეტული პატიმრების შეწყალებაზე დადებითი რეკომენდაცია შესულიყო. 

ეს სკანდალური ბრალდებები თავად ეკა ბესელიამ კატეგორიულად უარყო და ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ელისაშვილის განცხადებები „შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს ეკა ბესელიას შესახებ“, შესაბამისად მას ბესელიას სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 1000 ლარი გადახდა და ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა. 

ალეკო ელისაშვილმა პირველი ინსტანციის ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაშიც უცვლელი დარჩა. უზენაესი სასამართლომ კი მიიჩნია, რომ ელისაშვილის სარჩელი განხილვას საერთოდ არ ექვემდებარება.