გიორგი გაბუნია დღეს პროკურატურაში უნდა მივიდეს

09:42 10-10-2019
1

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე 16:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. 

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის  ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

პროკურატურაში ასევე გამოიკითხნენ: ნიკა გვარამია, გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი.