ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ნატო-ში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე - რუსეთის საგარეო უწყება

00:07 10-10-2019

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49 -ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„8-9 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდი ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის, საქართველოს, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“, რუსეთის ფედერაციისა და შეერთებულ შტატების წარმომადგენლობით, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა აქცენტი გააკეთე ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების შესათანხმებლად ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობაზე.

„ყურადღების ფოკუსში აღმოჩნდა საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის მიმდებარედ წნელისის რაიონში დაძაბულობის გამწვავება, რაც პროვოცირებული იყო თბილისის გადაწყვეტილებით, განეთავსებინათ მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს აღნიშნული სოფლის უშუალო სიახლოვეს ქართული პოლიციის პოსტი. ამან აიძულა ცხინვალი, მიეღო საპასუხო ზომები, მათ შორის საკუთარი ბლოკპოსტის აღმართვა და საქართველოსთან საზღვრის დროებითი ჩაკეტვა. გამოვთქვით ჩვენი მიდგომა სიტუაციის დარეგულირებისადმი. მოვუწოდეთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავებულობა, ასევე გადადგან ნაბიჯები დეესკალაციისთვის არსებული მოსალაპარაკებელი მექანიზმების ფარგლებში პირდაპირი დიალოგის გამოყენებით. ასეთმა პოზიციამ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის გაგება და მხარდაჭერა ჰპოვა“ - წერია განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია ასევე საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე.

„ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ნატო-ში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე, სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნის მილიტარიზაციის გაგრძელებაზე, მის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო წვრთნების რეგულარულ ჩატარებაზე. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად ამ პროცესებს ვაფასებთ რეგიონული სტაბილურობის ძირისგამომთხრელად​აფხაზურმა მხარემ მონაწილეებს საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით მანამდე დაწესებული დროებითი შეზღუდვების გაუქმების შესახებ აცნობა“ - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, რუსული მხარის ცნობით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.