მკვლელობის მცდელობა, სადაც ბრალდებული და დაზარალებული უცნობია - ისტორია

20:54 10-09-2019
160

2019 წლის 4 ოქტომბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა, მკვლელობის მცდელობისათვის 18 წლის განმავლობაში ძებნილ პირს, გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარე ძებნილისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ სასჯელს ითხოვდა.

ორი ათეული წლის განმავლობაში დაუსრულებელი საქმის ისტორია, 2001 წელს დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პანკისის ხეობის სოფელ დუისის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად, სპორტული კომპლექსია განთავსებული, სავარაუდოდ ჩეჩნეთიდან ლტოლვილმა მამაკაცმა, ხეობაში მცხოვრები პირი,ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ახალგაზრდა ქალი, ცეცხლსასროლი იარაღიდან, სახეში დაჭრა.

ახალგაზრდა ქალი, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობით, თბილისის ერთ- ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქმეში დევს ექსპერტის დასკვნა, რომ ქალს, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

საქმის მასალები გვეუბნება, რომ მკვლელობის მცდელობა, სავარაუდოდ, ჩეჩნეთიდან ლტოლვილმა, მაგამედ ბორჩაშვილმა ჩაიდინა. გამოძიებამ მამაკაცს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და ის ძებნილად გამოაცხადა, თუმცა, ვერ მოიპოვა ვერცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მამაკაცი, რომელმაც დუისის ბაზარში ქალის მიმართულებით გასროლა განახორციელა, ნამდვილად მაგამედ ბორჩაშვილი იყო.

საქმეს დაზარალებულიც სავარაუდო ჰყავს. გამოძიება ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი ქალი, ლარისა დასაევაა, რომელიც, ბორჩაშვილის მსგავსად, თითქოს ჩეჩნეთიდან ლტოლვილი პირია. საქმეში არ არსებობს არც დასაევას ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი დაზარალებულად დაკითხვის ოქმი და დაზარალებულად ცნობის დადგენილება.

ბრალდებულისა და დაზარალებულის ვინაობის დასადგენად, გამოძიება დაეყრდნო დუისის იმჟამინდელი გამგებლის, ჯარაფ ხანგოშვილის მიერ დამოწმებულ ცნობას დაეყრდნო, რომლის თანახმადაც, ორივე პირი, ჩეჩნეთიდან ლტოლვილია და ასეთი გვარ- სახელების მქონე ადამიანები ლტოლვილთა ერთიან სიაში, ნამდვილად არიან.

სისხლის სამართლის საქმეში ასევე არ არსებობენ თვითმხილველები. მოწმეებმა ვერ დაინახეს და ვერ შეძლეს მამაკაცის აღწერა, რომელმაც ბაზარში გასროლა განახორციელა. გამოძიებას ჰყავს მოწმე, რომელმაც სასამართლო პროცესზეც განმარტა, რომ ცუდი მხედველობის გამო, მას ფაქტი არ დაუნახავს.

პრაიმტაიმმა“ 18 წლის წინ დაწყებული საქმის გამომძიებელთან დაკავშირება მოახერხა. ვაჟა თურქიაშვილმა განმარტა, რომ ეს კონკრეტული საქმე და მისი დეტალები აღარ ახსოვს.

„ეს საქმე საერთოდ არ მახსოვს. იქნებ სხვამ გამოიძია ვინმემ? შესაძლოა, მე დავიწყე და სხვამ გააგრძელა. ვერცერთ დეტალს ვერ ვიხსენებ“, - განაცხადა თურქიაშვილმა.

„პრაიმტაიმი“ ესაუბრა დუისის იმჟამინდელ გამგებელს, ჯარაფ ხანგოშვილსაც, რომელმაც გამოძიებას, ორივე პირის ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა სიაში ყოფნის ფაქტი დაუმოწმა.

„მაშინ ბევრი ლტოლვილი ჩამოდიოდა და არსებობდა მხოლოდ იმ პირთა სია, ვინც დახმარებას იღებდა. ცნობა არ გამიცია, მხოლოდ დავამოწმე“ - განაცხადა ხანგოშვილმა.

მკვლელობის მცდელობისათვის ძებნილი, მაგამედ ბორჩაშვილის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი, საქმეს კურიოზულს უწოდებს.

„მართლაც საოცარი საქმეა, რომელსაც ფაქტობრივად არარსებული ბრალდებული და სავარაუდო დაზარალებული ჰყავს. გაუგებარია, ვის ეძებდნენ ამდენ ხანს.ამ საქმის გამოსაძიებლად, 18 წლის განმავლობაში, უდიდესი რესურსი დაიხარჯა, გარკვეულ ეტაპზე საგამოძიებო ჯგუფიც კი შეიქმნა. ამ აბსურდის მიუხედავად, მოსამართლე წიკლაური რომ არა, შესაძლოა პროკურატურა გვაჯობებდა“- განაცხადა ჩაველაშვილმა.

ბრალდების მხარე, 18-წლიან სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი