ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი შესაძლოა ქალაქიდან გადაიტანონ

19:11 10-09-2019
12

ზუგდიდის ქალაქმშენებლობის გენგეგმის პროექტირების კონცეფციის თანახმად, აუცილებელია, რომ საკოლმეურნეო ბაზარი ქალაქის ცენტრიდან გადაიტანონ. ამის შესახებ „არტსტუდიო პროექტის“ მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შეთავაზებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

არქიტექტორის წინადადებით, გენგეგმის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე, მათ შორის, ბაზრის საკითხი იყოს გათვალისწინებული.კონცეფციის ერთ-ერთმა ავტორმა ეკატერინე თოდუამ განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში ბაზრის არსებობა მიზანშეწონილი არ არის.

„საჭიროა, რომ გამოიყოს ალტერნატიული ტერიტორიები, ფართები და ამ ტიპის განაშენიანება, სასურველია, იყოს არა ცენტრში, არამედ პერიფერიებში“, - აღნიშნა თოდუამ.

ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის პროექტს „არტსტუდიო პროექტი“ შეადგენს. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. კომპანიის წარმომადგენლებმა7 ოქტომბერს პროექტის კონცეფცია სამინისტროს წარუდგინეს და მოწონებაც დაიმსახურეს.

ავტორი: თეა შონია