თადუმაძის „სიმწიფის ატესტატი“ - გია ხუხაშვილი შალვას თანაუგრძნობს (ვიდეო)

19:02 10-09-2019
1164

გია ხუხაშვილი შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს კომიკურად მიიჩნევს და „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აზიარებს ეპიზოდს ყველასათვის საყვარელი ფილმიდან - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, სახელწოდებით - „სიმწიფის ატესტატი“, სადაც ბებიას ზურიკელას ატესტატი აქვს ჩახუტებული.

- ვიხუმრე (იცინის). მე ამ თემას არ ვუყურებ ტრაგიკულად, ეს უბრალოდ, კომედიაა ჩემთვის და მეტი არაფერი.

სიმართლე გითხრათ, შალვას თანავუგრძნობ ამ სიტუაციაში და არ ვთვლი, რომ მან რაიმე სერიოზული დააშავა. პრობლემა არ არის შალვაში, პრობლემა იმ კრიტერიუმებშია, რომლითაც საკადრო პოლიტიკა ტარდება ქვეყანაში. როდესაც კრიტერიუმი პირადი ერთგულებაა და არა - ცოდნა, კვალიფიკაცია, კომპეტენცია, ბუნებრივია, ასეთი რაღაცები ხდება და ეს არც პირველი შემთხვევაა და არც - ბოლო. პრობლემა იმ ადამიანშია, რომელიც ასე მსუბუქად და ზერელედ იღებს გადაწყვეტილებებს და ფიქრობს, რომ ცოდნა-განათლება და თუნდაც, ამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, არ არის აუცილებელი, რადგან, თვითონ იმდენად დიდია, რომ თუ ვინმეს რაიმე შეეშალა, ყველას მაგივრად იმუშავებს. რასაც აკეთებს კიდეც. ეს არის ყველას პრობლემა და არა შალვა თადუმაძის, რომელთანაც პირადად მე, არანაირი პრეტენზია არ მაქვს“, - ამბობს ხუხაშვილი „პარიამტაიმთან“.

დღესვე, თადუმაძემ აღნიშნა, რომ პროკურორობაზე მეტად ადვოკატობა მოსწონს.

თადუმაძემ ასევე განაცხადა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი სად გააგრძელებს საქმიანობას, თუ პარლამენტი მის ანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყო. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტთან ჟურნალისტები დახვდნენ და დიპლომის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე განმარტება მოსთხოვეს.

თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტში უპასუხებდა კითხვებს და დიპლომთან დაკავშირებული საკითხიც განმარტა.

მანამდე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დოკუმენტი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, რომელ სახინკლეში დადიოდა თადუმაძე სტუდენტობის დროს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია დაინტერესდა, მოვიდა თუ არა შალვა თადუმაძე გასაუბრებაზე ნამეცადინები. და ამასთან, სამი კურსელის დასახელება მოსთხოვა.

ავტორი: თამთა დადეშელი