შალვა თადუმაძის ხმაურიანი ფრაზები და ფაქტები ... - გენერალური პროკურორის საქმე №... (მოკლედ)

18:56 10-09-2019
109

შალვა თადუმაძე უკვე ერთი წელია, რაც გენერალური პროკურორია. მანამდე,  ექვსი წლის განმავლობაში, მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი იყო. უფრო ადრე კი ეწეოდა საადვოაკტო საქმიანობას.

ჯერჯერობით გენპროკურორი და სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე  41 წლისაა, ჰყავს მეუღლე - მზევინარ ანსიანი და 2012 წელს დაბადებული შვილი, მარიამი.

ოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლება ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტში მიიღო (1993-1998 წლებში). 

ხოლო სამუშაო ბიოგრაფია 2001 წელს დაიწყო - თავდაცვის სამინისტროში  იურისკონსულტად, შემდეგ ადვოკატად მუშაობდა ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებაში“.  2003-2004 წლებში თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახდა.

ძალიან რომ არ გადაგღალოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ბევრ საერთაშორისო პროექტზე იმუშავა კონსულტანდად, ასევე სხვადასხვა კომპანიაში ადვოკატად და  პარალელურად, 2008 წლის მაისიდან 2012  წლის ოქტომბრამდე  საადვოკატო კომპანია „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგის“ პარტნიორი და ადვოკატი გახლდათ. 

2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნად მუშაობდა.  

შალვა თადუმაძე მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა და მთავრობის საიმედო დასაყრდენია. იგი გამოირჩევა საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და ძალიან მაღალი წესიერებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავოს“,- განაცხადა 2018 წლის აპრილში გიორგი კვირიკაშვილმა, როდესაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად წარადგინა და  იმავე წლის  ივლისში თადუმაძემ მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსში განაცხადი შეიტანა. ამ ამბავს, რა თქმა უნდა, უხმაუროდ არ ჩაუვლია.

იუსტიციის მინისტრის ნათესავიაო,- უცებ ალაპარაკდა ოპოზიცია და საზოგადოება და თეა წულიკიანს ნეპოტიზმში დასდეს ბრალი, თუმცა მან „ბრალდება“ უარყო და განაცხადა, რომ თადუმაძე მისი ნათესავი კი არ იყო, თავად გახლდათ თადუმაძის შვილის ნათლია და დაამატა, რომ მათ  ერთმანეთი „ნაციონალების“ წინააღმდეგ ბრძოლის დროს გაიცნეს  და  დაამარცხეს კიდეც.

ახლაც, როდესაც თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად დარეგისტრირდა, წულუკიანმა  განაცხადა, რომ ამის შესახებ მასობრივი ინფორმაციების საშუალებით შეიტყო და გადაწყვეტილებაც მოუწონა.

როგორც გენპროკურორობის კანდიდატმა, ბატონმა შალვამ მაშინ საკომიტეტო  მოსმენაზე თავის წინამორბედს, ირაკლი შოთაძეს ტემპი დაუწუნა და თქვა, რომ პროკურატურას  სამწუხარო და არასერიოზული ტემპი“ ჰქონდა აღებული, სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით.

„ამ სტრუქტურული ერთეულის მიღწევა არის წელიწადში 50 საქმე და თუ ამ ანგარიშს მივყვებით, სამართლიანობას 1050 წლის შემდეგ აღვადგენთ“, - განაცხადა მაშინ შალვა თადუმაძემ და პირობა დადო, რომ ბოლო 27 წლის განმავლობაში სახელგატეხილ სტრუქტურას ფეხზე დააყენებდა და საპროკურორო საბჭოს წარუდგენდა ხედვას, რომელიც ხელს შეუწყობდა უწყების განვითარებასა და საზოგადოების დიდ ნდობას.

2018 წლის 16 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, შალვა თადუმაძე პარლამენტმა მთავარ პროკურორად დაამტკიცა. დეპუტატებმა კანდიდატს მხარი დაუჭირეს 101 ხმით, 2-ის წინააღმდეგ. კანდიდატს მხარი ორმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ და რომან გოცირიძემ არ დაუჭირეს.

გენპროკურორად არჩევის შემდეგ, პირველსავე სამუშაო დღეს ის ზაზა სარალიძეს შეხვდა, რომელმაც შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  რადგან თადუმაძისთვის ეს პირველი სამუშაო დღე იყო, ის ულტიმატუმებით ვერ დაელაპარაკებოდა.

ყბადაღებული დიპლომი

როგორც კი შალვა თადუმაძემ გენერალურ პროკურორობაზე განაცხადი შეიტანა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველომ“ მთავარი პროკურორის დიპლომის გასაჯაროება მოითხოვა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობდა, რომ მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი პროკურატურამ, მთავრობის ადმინისტრაციამ და იუსტიციის სამინისტრომ არ მიაწოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროკურორობის კანდიდატის დიპლომი თუ უდიპლომობა პრესისა და ტელევიზიების წამყვან თემად იქცა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, აჟიოტაჟი ჩაცხრა.

2019 წლის იანვარში, როგორც კი გაჟღერდა, რომ თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აპირებდა კანდიდატურის წარდგენას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა მისი დიპლომის თემა კვლავ   წამოსწია და გენპროკურორის უმაღლესი განათლების დამთავრების დამადასტურებელ დოკუმენტს უკვე სასამართლოს გზით ითხოვდა.

დიპლომის თემა მესამედ რამდენიმე დღის წინ გააქტიურდა, როდესაც  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“  ამ საკითხზე კვლევა და დოკუმენტების ასლები გაასაჯაროვა.

საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძე 1994-1999 წლებში სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში. გენერალური პროკურატურის ვებგვერდის თანახმად, შალვა თადუმაძემ ინსტიტუტი 1999 წელს დაამთავრა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილ განაცხადში ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლის პერიოდად მითითებული აქვს 1994-1998 წლები, დიპლომში კი 1993-1998 წლები უწერია. განათლების სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ აკრედიტებულ უნივერსიტეტებს შორის ასეთი დასახელების სასწავლებელი არ მოიძებნა. ჩამონათვალში არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, შალვა თადუმაძეს ამ უნივერსიტეტში არ უსწავლია.

შალვა თადუმაძის დიპლომი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენაზეც განსჯის საგნად იქცა.

„თქვენი დიპლომის ინგლისური ტექსტი წაკითხული გაქვთ? 20 სიტყვაში 10 შეცდომაა“,-  მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს და დაამატა, რომ თადუმაძის ინსტიტუტი დიპლომებს აყალბებდა, რასაც თადუმაძე დაეთანხმა კიდეც და თქვა, რომ  მათი სტუდენტობის დროს უნივერსიტეტებში კორუფცია იყო და დიპლომები ყალბდებოდა.

„1997 წელს მიიღეს კანონი, რომლითაც ნებისმიერ სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა რომელიმე კურსი. მე გამოვიყენე ეს შესაძლებლობა.  1998 წელს სპეციალურად გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი... 1998 წელს მე დავამთავრე ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით. შესაბამისად დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა ხუთწლიანი სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობის ვადა. რომ ჩაეწერა ოთხწლიანი სასწავლო ვადა, ერთის მხრივ, მე მექმნებოდა პრობლემა“- განაცხადა თადუმაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომან გოცირიძე თავისი ცინიზმით ცნობილია. ამჯერადაც გამოიჩინა თავი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის ჯგუფელები სახინკლეში დაპატიჟა. ასე გამოხატა დეპუტატმა ირონიული დამოკიდებულება კანდიდატის მიმართ, რომელმაც გიგა ბოკერიას შეთავაზებაზე, ჯგუფელები დაესახელებინა, უარი თქვა.

„მინდა მივმართო თქვენს თანაკურსელებს... ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენ ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, სახინკლეში დავპატიჟებ. ოღონდ არ მომატყუოთ, მე ხელში მექნება ეს თქვენი დიპლომი. ვინც ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში“,- თქვა კომიტეტის სხდომაზე რომან გოცირიძემ და კითხვაც დაუსვა: გახდებოდა თუ არა თემიდა სამართლიანობის ღმერთი, ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო და თავადვე უპასუხა: თემიდა იყო ყველაზე დიდი ღმერთის, ზევსის ცოლი და იგი ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო, ზევსი დანიშნავდა მას იუსტიციის მინისტრად? თქვენ რომ „ქართუ ბანკის“ იურისტი არ ყოფილიყავით, თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული არ ყოფილიყავით, გახდებოდით გენერალური პროკურორი ან უზენაესი სასამართლოს წევრი? ღმერთი მეუბნება, რომ 100-პროცენტიანი ალბათობით თქვენ გახდებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

პასუხი არც თადუმაძეს დაუმადლებია და ირონიულად უპასუხა: „ღვთის ნებას რატომ ეწინააღმდეგებით, ბატონო რომან?

დიპლომის ნამდვილობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კანდიდატმა ჯერ კიდევ პროკურორობის კანდიდატობისას განაცხადა: „ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ორი მილიარდერის ოჯახი და ორივე მილიარდერის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი“ და დღევანდელ მოსმენაზეც იგივე გაიმეორა.

საქმე #

„ერთ-ერთი ბოლო საქმე, რაც შალვა თადუმაძის საპროკურორო საქმიანობას უკავშირდება, ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნაა. დეპუტატს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.

ერთ-ერთი საქმის განხილვის დროს, მოსამართლემ თქვა, რომ ბრალდებულს სამომავლოდ ექნებოდა დრო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ე.წ. საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებთან დასამეგობრებლად. ბრალდებულის ადვოკატი გახლდათ შალვა თადუმაძე და ამ ფაქტის მიუხედავად, მან მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააყენა, მაშინ,  როცა მოსამართლემ ფაქტობრივად, წინასწარ გამოთქვა აზრი პირის დამნაშავედ ცნობაზე, ადვოკატმა  თადუმაძემ კი მოსამართლის ფრაზას „იუმორნარევი და ირიბი ნათქვამი“ უწოდა.

შალვა თადუმაძე სასამართლოში იცავდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ცოლის, ეკა ხვედელიძის ინტერესებს, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმეზე.

ციტატები

„დიპლომი არის არამატერიალური აქტივი. ის ფასდება იმით, თუ როგორ შეძლო ადამიანმა რეალიზება. არც ერთი დღე არ ვყოფილვარ უმუშევარი, ყოველთვის იყო ჩემზე, როგორც იურისტზე მოთხოვნა. ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ორი მილიარდელის ოჯახი და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ამ ქვეყანაში, ათეულობით გენერალს ვემსახურებოდი, როგორც ადვოკატი. ბოლო 17 წლის განმავლობაში, უკანასკნელი ორი დღეა, როცა უმუშევარი ვარ“.

„უზენაესის მოსამართლეების შეფასების საკითხი ომბუდსმენის კომპეტენციას სცდება, ამიტომ მისი აზრი „ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც ნებისმიერი მათემატიკოსის, რომელმაც ალბათობის თეორია ჩემზე უკეთ იცის“.

„ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში უსამართლობის განცდა არა სასამართლოს, არამედ პროკურატურის მიმართ აქვთ“.

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მოსამართლეები ადრე იყვნენ ცუდები და ახლა გახდნენ კარგები“.

„არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს სად იყო გახსნილი. სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის, მიწისქვეშ უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი. რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე. რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე“.

დეკლარაცია

შალვა თადუმაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2018 წლის 29 მაისით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. შალვა თადუმაძეს 2018 წელს 90 000 დოლარად შეუძენია კომერციული ფართი ცაგარელის ქუჩაზე; 2016 წელს - 55 000 დოლარად შეფასებული ბინა. 2012 წელს - 50 000  დოლარად შეფასებული ოფისი უყიდია. ასევე მის საკუთრებაშია 8 000 დოლარად შეფასებული ბინა, ვარკეთილში და 32 000 დოლარად შესაფესებული აგარაკი - მცხეთაში. ამ დროისთვის მას ჰქონდა „თი–ბი–სი“ ბანკი სახელფასო ანგარიშებზე  9179 ლარი და 514 დოლარი და ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე - 9083 ლარი

მისი მეუღლის, მზევინარ ანსიანის სახელზე რეგისტრირებულია 100 000 დოლარად შეფასებული ერთი ბინა, 4 კომპანია, რომელთა წლიურ შემოსავლებში მითითებულია - 0 ლარი და   საბანკო ანგარიშებზე - 9400 დოლარი და 3 ათასი ლარი. ასევე, შვილის სახელზე გახსნილ ანაბარზე არსებული თანხა - 7628 დოლარი.

თემა განსჯისთვის

შალვა თადუმაძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2017 წელს, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანს, მიღებული აქვს ხელფასი 94 500 ლარი, რაც თვეში 7875 ლარია. 2018 წელს, გენერალური პროკურორის ხელფასი 3910 ლარია, ხოლო თანამდებობრივი სარგო – 630 ლარი.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნისას, როგორც ხედავთ, ხელფასი თითქმის გაუნახევრდა და ვფიქრობდი, რომ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი - 7000 ლარი არის ის, რის გამოც იბრძვის და ასეთ კრიტიკის ქარცეცხლს უძლებს...

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა და კითხვაზე პასუხი მისსავე გამოსვლაში ვიპოვე: „ყველა იურისტისთვის მოსამართლის სტატუსი ყველაზე აღმატებულია“, - თქვა მან.