თურქეთმა სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო

18:07 10-09-2019
96

თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. საომარმა მოქმედებებმა შესაძლოა პირდაპირი კონფლიქტი გამოიწვიოს ქურთ მებრძოლებთან, რომლებიც აშშ-ს მოკავშირეები არიან.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის მიზანია შეიქმნას უსაფრთხო ზონა, რომელიც თავისუფალი იქნება ქურთი მებრძოლებისგან და სადაც სირიელი დევნილებიც დასახლდებიან.

სირიის დემოკრატიული ძალები კი, რომელთაც ქურთები ხელმძღვანელობენ, აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში თურქეთი სამოქალაქო ტერიტორიებს დაესხა თავს.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება მას შემდეგ დააჩქარა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა დონალდ ტრამპმა ერდოღანი გააფრთხილა, რომ თუკი იგი „ზღვარს გადავა“ და მის მოკავშირეებს შეეხება, მაშინ თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს.

თურქეთმა სამხედრო ოპერაციას „მშვიდობის გაზაფხული“ დაარქვა. ერდოღანის განცხადებით, საომარი მოქმედებების სამიზნე ქურთი მებრძოლები და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა“.

მართალია აშშ სირიაში ჯიჰადისტების წინააღმდეგ სწორედ ქურთ მებრძოლებთან ერთად იბრძოდა, თუმცა თურქეთი ქურთების ამ სამხედრო დაჯგუფებას ტერორისტებად განიხილავს.

ავტორი: მარიამ გიგანი