შალვა თადუმაძე: არსად წასვლას და გადადგომას არ ვაპირებ

17:10 10-09-2019
33

დღეს დილიდან, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს და დილომის კსლანდალზე განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, ეს დიპლომი მან არაერთხელ გამოაქვეყნა და მის საქმეშიც დევს.

„მე მესმის და თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული ამ დიპლომის ამბავი, საკუთარი ნებით გამოვაქვეყნე.

არაერთხელ მაქვს გამოქვეყნებული ეს დიპლომი, სხვადასხვა კონკურსებში მონაწილების დროს, მათ შორის იმ კონკურსში, რომელიც მონიტორინგის კუთხით განვახორციელეთ ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რამდენად ობიექტურად ხდება ადამიანების საჯარო სამსახურში აყვანა.

18 წლის განმავლობაში მე ჩემი დიპლომი არ დამიმალავს და ახლა არ მოვიტანე. 1999 წელს ეს დიპლომი წარდგენილი მაქვს თავდაცვის სამინისტროში და პირად საქმეში არსებობს და არსებობენ ოფიცრები, პირები, რომლებიც მე სამსახურში ამიყვანეს როგორც კვალიფიციურ იურისტს.

ამიტომ, ახლა ეს საუბარი, რომ მე უნდა გადავდგე, რატომ უნდა გადავდგე, იმიტომ რომ ვიღაც ეჭვიანობს? რა საგამოძიებო კომისიაზეა საუბარი? არსებობს რამე დოკუმენტი, სადაც წერია რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი? ან შალვა თადუმაძეს არ შეეძლო იმ დროს ასეთი განათლება მიეღო და ასეთი დიპლომი აეღო? არსად გადადგომას არ ვაპირებ, არ მიცხოვრია ისე, რომ რამე დამემალოს, მათ შორის მითუმეტეს დიპლომი არ მაქვს დასამალი.

2001 წლიდან აქტიურ იურიდიულ საქმიანობას ვეწევი. 2006 წელს აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ვეწევი, ამ დიპლომით წარვდექი ადვოკატთა ასოციაციაში, ჩავაბარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის საქმიანობის ლიცენზია.

ახლა იმიტომ, რომ რამდენიმე ან არაკეთილსინდისიერი ან არაკვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემს დიპლომზე, ამიტომ, აღარ ვიხსენებ რა მუშაობები და რა პერიოდები მაქვს გადატანილი იმ პერიოდში. ეს უნდა გადავდო და ახლა დაველოდო საგამოძიებო კომისია იტყვის თუ არა დიპლომი არის ნამდვილი.

ახლავე გეუბნებით, რომ საგამოძიებო კომისია იტყვის, რომ ეს დიპლომი არის ნამდვილი. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს დიპლომი გაიცემოდა კანონის თანახმად, მე მქონდა შესაძლებლობა ეს დიპლომი მიმეღო, მე ეს დიპლომი მივიღე და მე ჩემი კარიერა შევქმენი“, - განაცხადა თადუმაძემ.