რუსეთისკენ აღებული გეზი მტკიცე და ურყევია - რაულ ხაჯიმბა

17:00 10-09-2019
11

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა, წერს „აბხაზია ინფორმი“.

„ინაუგურაციის“ საზეიმო ცერემონია სოხუმში საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მას ე.წ. ხელისუფლების, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, რუსეთის ფედერაციის, სამხრეთ ოსეთის, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების, ნიკარაგუას დელეგაციები ესწრებოდნენ.

რაულ ხაჯიმბამ სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზეთს სჭირდება სტაბილურობა, რაც რესპუბლიკის განვითარების გარანტია. მისი თქმით, „რუსეთისკენ აღებული გეზი მტკიცე და ურყევია“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ - 38 ათას 766 ხმა დააგროვეს. ამომრჩეველთა აქტივობამ 65,99% შეადგინა.

„პრეზიდენტობის კანდიდატმა“ ალხას კვიცინიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 8 სექტემბერს გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგების თაობაზე.

ინაუგურაციის პარალელურად, პარტია „ამცახარამ“ გაფართოებული სხდომა გამართა, რომელზეც შეკრებილებმა განაცხადეს, რომ „ხაჯიმბას ინაუგურაციას იურიდიული ძალა არ გააჩნია“.

ავტორი: თეა შონია