სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ დაფინანსებას სამეგრელოში ზუგდიდი მიიღებს

16:27 10-09-2019

2020 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მაღალ დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მიიღებს. ინფორმაციას თვითმმართველობის პორტალი droa.ge სახელმწიფო ბიუჯეტის მომდევნო წლის პროექტზე დაყრდნობით აქვეყნებს.

მთავრობა თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის უნაწილებს. როგორც თვითმმართველობის პორტალი წერს, მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ის 19%-იდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაფინანსების პროცენტი არ იცვლება და ის კვლავ 2.42% იქნება, მისი დაფინანსება მილიონ ექვსასი ათასით მაინც გაიზრდება. თუ წელს ზუგდიდმა ამ ფორმულით 22 888.2 ათასი ლარი მიიღო, 2020-ში ის 24 578.8 ათას ლარს მიიღებს.

რეგიონში დაფინანსებით მეორე ადგილზე მარტვილის მუნიციპალიტეტია. მომავალი წლისთვის მისი დაფინანსების პროცენტი უმნიშვნელოდ შეიცვლება – თუ წელს ის 0.80% იყო, გაისად 0.81% გახდება. ეს ერთპროცენტიანი მატება თანხობრივად 600 ათას ლარში გამოისახა – თუ წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-დან 7 526.0 ათასი მიიღო, 2020-ში ის 8 189.3 ათას ლარს მიიღებს.

მილიონ ექვსასი ათასით გაიზრდება სენაკის მუნიციპალიტეტის დაფინანსება. თუ წელს დღგ-ის 19%-დან 0.69% ერგო, გაისად პროცენტი 0.80-მდე გაიზრდება. შესაბამისად, წლევანდელი 6 545.8 ათასი ლარისგან განსხვავებით, 2020-ში სენაკი 8 182.2 ათას ლარს მიიღებს.

0.63%-იანი დაფინანსება რჩება, თუმცა, ამის მიუხედავად, თანხა 400 ათასი ლარით გაეზრდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტს დღგ-ის 19%-დან 5 991.7 ათასი ლარი ერგო, 2020-ში ის 6 434.3 ათას ლარამდე მოიმატებს.

ანალოგიური ვითარებაა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც – 2020 წელს მისი დაფინანსების პროცენტი ისევ 0.55% იქნება, თუმცა, თანხა 400 ათასით მაინც გაიზრდება. წელს ამ მუნიციპალიტეტის დაფინანსება 5 195.0 ათას ლარს შეადგენდა, გაისად კი 5 578.8 ათასი ლარი გახდება.

წლევანდელთან შედარებით, ოდნავ ნაკლებ დაფინანსებას მიიღებს აბაშის მუნიციპალიტეტი. თუ წელს დღგ-ის 19%-ის განაწილებისას ამ მუნიციპალიტეტს 0.57% ერგო, 2020-ში ის 0.53%-მდე დაიწევს. შესაბამისად, წელს მიღებული 5 388.6 ათასის ნაცვლად, გაისად 2 ათასით ნაკლებს – 5 386.4 ათას ლარს მიიღებს.

850 ათასით გაიზრდება ქალაქ ფოთის დაფინანსება. ის დღგ-ის 19%-იდან 0,42%-ს, ანუ 4 248.1 ათას ლარს მიიღებს. წელს ფოთი, 0.36%-ის შესაბამისად, 3 398.5 ათასი ლარით ფინანსდებოდა.

836 ათასით გაიზრდება მესტიის მუნიციპალიტეტის დაფინანსება. წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-იანი ფონდიდან 0.35%-ს, შესაბამისად, 3 346.4 ათას ლარი მიიღო, გაისად ეს პროცენტი 0.41-მდე მოიმატებს, შესაბამისად, თანხაც 4 183.0 ათას ლარამდე გაიზრდება.

რეგიონში ყველაზე ნაკლებ დაფინანსებას ხობის მუნიციპალიტეტი მიიღებს, თუმცა, ეს თანხა წლევანდელზე მეტი იქნება, ვინაიდან იზრდება თავად დაფინანსების პროცენტი – თუ წელს ამ პროგრამიდან ხობმა 0.34%, ანუ 3 250.0 ათასი ლარი მიიღო, 2020-ში ეს პროცენტი 0.40-მდე აიწევს, თანხა კი 800 ათასით მოიმატებს და 4 062.5 ათასი ლარი გახდება.

საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა – გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.

ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.

 

ავტორი: თეა შონია