გაიცანით, „კოლხეთის“ გუნდის კაპიტანი, რომელმაც ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა

16:18 10-09-2019
122

ხობის „კოლხეთის“ კაპიტანმა გიორგი გოგენიამ, „მეშახტეს“ ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა. „პრაიმტაიმი“ გიორგი გოგონიას დაუკავშირდა.

გუნდის კაპიტნის განცხადებით, საჰაერო ორთაბრძოლის დროს შეჯახების შედეგად დაშავებული ფეხბურთელები ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.

„თამაში სტადიონზე შეწყდა დაახლოებით, 15 წუთით. შეჯახებისას საშინელი ხმა იყო... მე ეგრევე მოვახდინე რეაგირება. ტყიბულელმა ფეხბურთელმა გონება დაკარგა. კრიჭა გავუხსენი და აღმოვუჩინე პირველადი დახმარება. გუშინ და დღეს ვრეკავდი სასწრაფოში ბიჭების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად. ბიჭები გამოწერეს და თავს კარგად გრძნობენ“, - ამბობს გუნდის კაპიტანი.

თამაშის გმირი ფეხბურთს ბავშვობიდან თამაშობს. გიორგი გოგონიას ბაბუა ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ 60-იან წლებში.  

გიორგი გოგენია: „12-13 წლიდან ვთამაშობ. ბაბუა,მამა ფეხბურთელები იყვნენ. ბაბუა-კოტე გოგენია ცნობილი ფეხბურთელი იყო 60-იან წლებში, არაერთ საფეხბურთო გუნდში თამაშობდა. ვამაყობ მისი შვილიშვილი რომ ვარ... სპორტის ამ სახეობით დაინტერესება სწორედ, მისი დამსახურებაა. მეც საქართველოს სხვადასხვა გუნდებში მითამაშია, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემს გუნდს დავუბრუნდი. გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც მაკისრია გუნდის წინაშე. ყველა ჩვენს გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივრებს ვუძღვნი“.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ტყიბულის სტადიონზე „მეშახატესა„ და ხობის „კოლხეთს„ შორის მატჩში საჰაერო ორთაბრძოლის დროს შეჯახების შედეგად, ზურა გელაშვილმა და ირაკლი ჭანკვეტაძემ მძიმე ტრავმები მიიღეს.

გელაშვილმა შეჯახებისთანავე გონება დაკარგა, რასაც მოედანზე პანიკა მოჰყვა, სწორედ ამ დროს მეტოქე ფეხბურთელი გიორგი გოგენია ყველაზე სწრაფად გაერკვა ტრავმის სიმძიმეში და ზურას სიცოცხლე საკუთარი ხელით გადაარჩინა, რის გამოც თავადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

დახმარების აღმოჩენა რამოდენიმე წამიც რომ დაგვიანებულიყო შეიძლებოდა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო.

ავტორი: თეა შონია