Exclusive როგორ იპოვა თეონა თავართქილაძემ მერილ სტრიპის ორეული

15:46 10-09-2019
208

ქართველი მერილ სტრიპი საზოგადოებას დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ გააცნო, უფრო კონკრეტულად კი თავისი სილამაზის ხაზის - Beauty and The Box”-ის მომხმარებლებს. 47 წლის თამუნა ჭანტურიას თეონა სამხატვრო აკადემიიდან იცნობს და როგორც „პრაიმტაიმს“ უთხრა, ეს კარგად ახსოვდა. 

თეონა თავართქილაძე: - თამუნა ჩვენი - Beauty and The Box”-ის გამომწერია. ჩვენ, ჩვენი გამომწერების პორტრეტებს ვიღებთ და ჟურნალის ყდაზე ვბეჭდავთ. მე და თამუნა სამხატვრო აკადემიაში ერთ პერიოდში ვსწავლობდით. ჩემზე ცოტათი უფროსია, თუმცა ვიცნობდი. მახსოვდა, რომ ბავშვობაში მერილ სტრიპს ვამსგავსებდით.  როცა აღმოვაჩინე, რომ ჩვენი დიდი ხნის ერთგული გამომწერია, ვიფიქრე - გარეკანისთვის გადავიღებ-მეთქი. გადაღებისას ვცდილობ ქავერს სხვადასხვა დატვირთვა მივცე. თამუნას შემთხვევაში, რახან სილამაზის ყუთია, მერილთან მსგავსების გამო წავედი ამაზე. 

სინამდვილეში ასე ძალიან არ გავს მსახიობს, თუმცა მიმსგავსებული მაკიაჟით მივაღწიეთ იმას, რომ ჟურნალზე ნამდვილი სტრიპის ფოტო ეგონათ. აქ ვიზაჟისტის ნამუშევარიც არის, ფოტოგრაფისაც. არავითარი ფოტოშოპი არ გამოგვიყენებია. მაკიაჟის გაკეთებას მეც ვესწრებოდი და მასში ჩართული ვიყავი. მერილ სტრიპს ყვრიმალები აქვს ამოწეული და გამოკვეთილი. ყვრიმალები თამუნას კონტურინგით ამოვუწიეთ და მგონი, გამოგვივიდა. 

„პრაიმტაიმი“ თამუნა ჭანტურიას დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ ყური მიჩვეული აქვს, როდესაც მისი მისამართით ჰოლივუდელ ვარსკვლავს ახსენებენ. მას არქიტექტურული სტუდია აქვს და კერძო დაკვეთებზე მუშაობს.

თამუნა ჭანტურია: - 15 წლის ასაკიდან მამსგავსებენ სტრიპს. ხმამაღალ ნათქვამად არ გამომივიდეს, მაგრამ ყური მიჩვეული მაქვს ფრაზებზე - უი, მე თქვენ გიცნობთ და ა.შ. თეონამ რომ ამ პროექტში ჩამრთო, ძალიან გამახარა. მეიქაფი ხომ საერთოდ - საოცრებაა, ზუსტად მიმამსგავსეს მერილს. 

- ცხვირიც ასე ნამდვილად მერილის მსგავსი გაქვთ?

- დიახ, ასეთი მაქვს (იცინის). მოხარული და კმაყოფილი ვარ ამ პროექტით.

- რომელ როლში გიყვართ ვარსკვლავი ორეული?

- ყველა როლი მიყვარს, ყველგან განსაკუთრებულია. ამას წინათ ვნახე ძველი ფილმი „აფრიკაში“ და ძალიან მომეწონა. 

სამ გამომწერს თეონამ სიურპრიზი გაუკეთა და სულ მალე მათ სახლში Beauty and The Box”-ის კურიერის ნაცვლად თამუნა ჭანტურია მერილის ღიმილით მიუტანს. 

ეს გამომწერები მათ შორის აირჩა, ვინც ჰოლივუდის მსახიობთან თამუნას მსგავსებამ შოკში ჩააგდო. აი, რას წერენ ისინი: 

„მერილ სტრიპი მეგონა სანამ სახელი და გვარი არ წავიკითხე“

„ამდენი დღეა ამ ფოტოს ვხედავდი მერილ სტრიპი მეგონა“

„მერილმა იცის ქართველი ტყუპი რომ ყავს?“

„სტრიპი მეგონა, სანამ არ წავიკითხე“

„თამარ ჭანტურიაოოო?.. იმწამსვე მოვესიყვარულე, როგორც კი დავინახე. მხოლოდ თქვენი სიტყვების წაკითხვის შემდეგ. ღმერთო, რა კარგიააა! რა შარმი აქვს!“ 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე