Exclusive საღამო, რომელსაც გია ყანჩელი მეგობარს უმზადებდა, თავად მას მიეძღვნება

14:13 10-09-2019
18

4 ნოემბერს რუსთაველის თეატრში გია ყანჩელისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ხელოვანთა გაერთიანება კონცეპარტ მაესტროს მეგობრის, კომპოზიტორ ენრი ლოლაშვილის რჩეული ნაწარმოებებისა და კინომუსიკის მიხედვით შექმნილ პროექტს - „ნოსტალგიას“ წარმოგიდგენთ. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია. 

საღამოს გაკეთების ინიციატორი დიდი მაესტრო - გია ყანჩელი გახლდათ. „ერთ-ერთი შეხვედრის ჟამს ბატონმა გიამ საყვედურით მოგვმართა - ნუთუ, ვერ ხვდებით, რომ ენრის საღამო აუცილებლად უნდა გაკეთდეს და მისი ულამაზესი მუსიკა ყველამ უნდა მოისმინოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დიდი სიამოვნებით ავიტაცეთ. ენრისთვის ეს სიუპრიზი იყო“ – „პრაიმტაიმს“ უყვება მომღერალი ლიზა ბაგრატიონი. 

ენრი ლოლაშვილი დიდი ხნის მანძილზე საფრანგეთში მოღვაწეობდა და ქმნიდა მუსიკას კინოფილმებისთვის. ამ საღამოზე სწორედ ეს დაუვიწყარი საუნდთრეკები და კომპოზიციები გაიჟღერს. 

მან შექმნა მუსიკა რამდენიმე ქართული ფილმისთვის: მიხეილ ჭიაურელის „ჭიდაობას რა უნდა“,  ნანა ჯორჯაძის „ჩემი ინგლისელი პაპა“ („ოქროს კამერა“ მიიღო კანის კინოფესტივალზე). ამ ფილმის მუსიკას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს და ენრი 1987 წელს საფრანგეთში მუსიკის ავტორად მიიწვიეს. სხვათა შორის, ფილმში „რასპუტინი“ ენრის მუსიკაზე ჟერარ დეპარდიე ცეკვავს. 

ენრი მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის ძმაა. სულ რამდენიმე წელია ის სამშობლოში დაბრუნდა. 

პროექტის თანაავტორი, სცენარისტი და პროდიუსერი  თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში წერს:

თეონა ჯორბენაძე: - გია ყანჩელს ძალიან დიდი სიყვარული და თანადგომა შეეძლო მეგობრების მიმართ. და თუ ეს მეგობარი ამავე დროს, კოლეგაც იყო, განსაკუთრებულ რჩევებთან ერთად, ხშირად პირადად ერთვებოდა მისი შემოქმედების უკეთ წარმოჩენის საქმეში.

ენრი ლოლაშვილი მრავალი წელი საფრანგეთში ცხოვრობდა და საქართველოში დაბრუნებული ბატონმა გიამ გაგვაცნო, შემდეგ გაჩნდა იდეა - პროექტი ნოსტალგია წარგვედგინა რუსთაველის თეატრში. პროექტს სახელწოდება მე შევურჩიე, ბატონი ენრის ერთ-ერთი კომპოზიციის სახელი. ეს საღამო ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 20 ივნისის მოვლენების გამო, რა თქმა უნდა, მოვხსენით.

ნოსტალგია იყო მისი უკანასკნელი პროფესიული თხოვნა ჩვენს მიმართ, პროგრამის შედგენასა და საორგანიზაციო საკითხებშიც კი მონაწილეობდა იმდენად უნდოდა, რომ კარგი საღამო გამოსულიყო. ცუდად იყო, მაგრამ ამბობდა უნდა მოვიდეო. 

მის გარეშე დარჩენილები, შევეცდებით გადაწყვეტილების მიღებისას გავიხსენოთ და გამოვიცნოთ ჩვენი მაესტრო, როდის რას გვეტყოდა.

4 ნოემბრის საღამო მიეძღვნება გია ყანჩელს... 

კონცერტში მონაწილეობენ - საპატრიარქოს გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, კომპოზიციებს ასრულებენ - ნინო ქათამაძე და ლიზა ბაგრატიონი. კონცერტზე დაუკრავს ალტისტი გიორგი ცაგარელი. 

გია ყანჩელისადმი მიძღვნილ საღამოზე თავის ემოციებს გვიზიარებს ლიზა ბაგრატიონი. ის თვლის, რომ ენრი ლოლაშვილის მუსიკა ბევრს ააღელვებს და ცრემლს მოგვრის. 

ლიზა ბაგრატიონი: - ენრი ძალიან თავმდაბალი ადამიანია. თავისი ინიციატივით თავის შემოქმედებით საღამოს არასდროს გააკეთებდა. ეჭვი მაქვს, რომ არა გია ყანჩელი, ეს კონცერტი არც ჩატარდებოდა. პროექტის განვითარებისას ყველა ნაბიჯს ბატონი გია აკონტროლებდა. სულ რაღაცას გვეკითხებოდა, ყოველთვის საქმის კურსში იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი გია ამ კონცერტს ვერ დაესწრება, მაგრამ საღამო მისი უდიდესი სურვილით მზადდება და შესრულდება 4 ნოემბერს. ეს იქნება ძალიან საინტერესო, სევდანარევი საღამო. ვიმედოვნებ, რომ ლამაზი და მელოდიური მუსიკის მსმენელი უხვად იქნება დარბაზში. მოისმენენ არაჩვეულებრივ კომპოზიციებს. 

- როდესაც ბატონმა ენრიმ ამ საღამოს ჩატარების შესახებ გაიგო, რა რეაქცია ჰქონდა?

- ძალიან აღელდა. ინიციატივა სულ ჩვენგან მოდის და ვეძახით ხოლმე და ვასმენინებთ კომპოზიციებს. ის კინომუსიკას წერს და ასეთი საღამო მისთვის უჩვეულო რამაა. ფენომენალურად ლამაზი ნაწარმოებია მისი „ნოსტალგია“, რომელიც მსოფლიომ ჩემი საყვარელი მუსიკოსის - იური ბაშმეტის შესრულებით მოისმინა. ის ხშირად ასრულებს ამ ნაწარმოებს. მსმენელი ამ საღამოზე „ნოსტალგიას“ გიორგი ცაგარელის შესრულებით მოისმენს. მე ამ ნაწარმოებს ხშირად ვუსმენ, ჩემს ფლეილისტში მაქვს შეტანილი. 

- თავად რას შეასრულებთ?

- ენრის სიმღერა ცოტა აქვს. შევასრულებ ერთ-ერთი ფილმისთვის შექმნილ ერთ კომპოზიციას, რომელსაც მე „ნისლისფერ ჩიტს“ ვარქმევ, საპატრიარქოს გუნდთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. სხვათა შორის, ამ კომპოზიციის შესრულება მე ვითხოვე ბატონი ენრისგან, რაც იშვიათად მემართება. როგორც კი მკითხა, შენ ხომ იმღერებ ჩემს კონცერტზეო, მაშინვე ვუთხარი -  გეხვეწებით, მომეცით საშუალება ეს სიმღერა შევასრულო-მეთქი. როგორც წესი, კონცერტებში მონაწილეობის მიღების ინიციატივას არასდროს ვიჩენ, მით უმეტეს კონკრეტული სიმღერის შესრულებას. ეს იყო გამონაკლისი.

ამ საღამოს ყველა დიდი მოლოდინით ველოდებით. ყველა იქ აჟღერებული კომპოზიცია განსაკუთრებული იქნება. ეს არის მუსიკა, რომელიც ბევრ ადამიანს ააღელვებს, ცრემლსაც მოგვრის და ღიმილსაც. მნიშვნელოვანი და ემოციური რიცხვია 4 ნოემბერი ყველა ჩვენგანისთვის. ან ჩვენი ემოციური მდგომარეობის გამო ყველაფერს გავაფუჭებთ, ან პირიქით, ეს იქნება განსაკუთრებული საღამო. დიდი იმედი მაქვს მეორე ვერსიას შევძლებთ ენრისთვის, მსმენელისთვის, ბატონი გიას ხსოვნისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მუსიკა მაცოცხლებელი ძალაა. 

ნინო ქათამაძე ამ საღამოზე მიხეილ ჭიაურელის ფილმისთვის შექმნილი კინომუსიკიდან ერთ თემას შეასრულებს. 

ნინო ქათამაძე: ენრი ჩვენი მეგობარია და უკვე დიდი ხანია ველოდებით ამ კონცერტს. ბატონი გიას ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ენრი საქართველოშიც გაეცნოთ, ზოგს კი გაეხსენებინა მისი შემოქმედება. მე შევასრულებ ერთ-ერთ თემას მიხეილ ჭიაურელის ფილმიდან. მანამდეც მქონია შეხება ენრის მუსიკასთან, „ბლექ სი არენაზე“, ჩემს სოლო კონცერტზე შევასრულე მისი ბაგატელი ნიკოლოზ რაჭველთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. სევდიანია, რომ 4 ნოემბერს ბატონი გია არ იქნება ჩვენს გვერდით, ყოველი ბგერა მას მიეძღვნება.

 

ავტორი: თამარ გონგაძე