რას მიიჩნევს გენპროკურორი მის მთავარ დამსახურებად

13:26 10-09-2019
29

„ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც მე აღმოვჩნდი მთავარი პროკურორი და ის კონტექსტი რაც არსებობდა, უმნიშვნელოვანესი იყო კონკრეტულ დაზარალებულ პირთან პროკურატურის სწორი კომუნიკაცია და ამ კრიზისული სიტუაციის გადალახვა და მე შემიძლია დღეს ვთქვა, რომ პროკურატურის სისტემაში ინდივიდუალურად ჩემი დამსახურებაა, რომ ის კრიზისი, რომელიც არსებობდა ჩემი დანიშვნის დროს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, დღეს გადალახულია“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

თადუმაძემ ისაუბრა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც უშუალოდ მისი გადაწყვეტილებით კვალიფიკაცია შეეცვალა.

„არ დამავიწყდება შემთხვევა, როდესაც ბრალდებული, რომელსაც განზრახ მკვლელობის მუხლით ედებოდა ბრალი და მტკიცებულებებით გამოიკვეთა და იურიდიული შეფასება დაჭირდა ამას და ბუნებრივია მე ჩართული ვიყავი ამ მძიმე დანაშაულის გამოძიების და კვალიფიკაციის ნაწილში. პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება მისთვის კვალიფიკაციის შეცვლის და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის მიცემის ამ ქმედებაზე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის სიტყვები, რომელიც მაშინ ბრალდებულმა თქვა, რომ ადვოკატის კონსულტაციის შემდეგ იყო ასეთი პოზიცია, რომ ჯობს, რომ არ აღიარო და გაგიყვან და ბრალდებულმა თქვა, რომ არა, პროკურატურა მე მდებს ბრალს იმაში, რაც ჩავიდინე და მე ეს დანაშაული უნდა ვაღიარო“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც იგი საპროკურორო საბჭოს და პარლამენტის წინაშე წარსდგა, განაცხადა, რომ არც ერთი ადამიანი შესაბამისი ბრალის სტანდარტის გარეშე ამ ქვეყანაში არ იქნება პასუხისგებაში მიცემული.

„ეს პატარა მონაკვეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მე შევძელი ეს გადაწყვეტილება მიმეღო და იმ დანაპირების ერთი კომპონენტი შემესრულებინა, რომელიც გავაკეთე, იმიტომ, რომ ასეთი პრაქტიკა როგორც წესი საქართველოს პროკურატურაში არ იყო, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი კვალიფიკაციები გამოეყენებინათ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოებრივი რესურსი არსებობდა“, - განაცხადა თადუმაძემ.

დღესვე, თადუმაძემ აღნიშნა, რომ პროკურორობაზე მეტად ადვოკატობა მოსწონს.

თადუმაძემ ასევე განაცხადა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი სად გააგრძელებს საქმიანობას, თუ პარლამენტი მის ანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყო. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტთან ჟურნალისტები დახვდნენ და დიპლომის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე განმარტება მოსთხოვეს.

თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტში უპასუხებდა კითხვებს და დიპლომთან დაკავშირებული საკითხიც განმარტა.

მანამდე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დოკუმენტი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, რომელ სახინკლეში დადიოდა თადუმაძე სტუდენტობის დროს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია დაინტერესდა, მოვიდა თუ არა შალვა თადუმაძე გასაუბრებაზე ნამეცადინები. და ამასთან, სამი კურსელის დასახელება მოსთხოვა.